მანანა კობახიძე: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის, ან მამაკაცისა და ქალის ერთობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ნორმის დაკონკრეტების აუცილებლობას განმარტავს და ამბობს, რომ კონსტიტუციაში ამ ნორმის დაკონკრეტება სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის მცდელობების გამო გახდა საჭირო.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში ნახსენებია მხოლოდ მეუღლეები და არ არის დაკონკრეტებული, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
კობახიძის თქმით, სხვადასხვა ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად უნდა დაკონკრეტდეს – ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის, ან მამაკაცისა და ქალის ერთობა.
”როდესაც 1995 წელს წერდნენ კონსტიტუციას, მათ ნამდვილად სხვა არაფერი უგულისხმიათ და უფიქრიათ იმის თაობაზე, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცის, ან მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. აქედან გამომდინარე, მოხდა სამოქალაქო კოდექსში უფრო მეტი დაკონკრეტება ქორწინების და, ზოგადად, დეფინიციის უფრო კონკრეტულად ასახვა კანონში.
არაფერი სადავო არ არის და არც იქნებოდა, რომ არა მცდელობები, რომ სხვა ინტერპრეტაციით მოხდეს კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც საუბარია მხოლოდ მეუღლეებზე და არ არის მითითებული ქალის და მამაკაცის წარმოჩენა. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, კარგი იქნება, კონკრეტულად გაიწეროს კონსტიტუციაში.
მე იმასაც ვიტყოდი, რომ შესაძლოა, თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ ცვლილებით იზღუდება სექსუალური უმცირესობების უფლებები, სწორედ მათ აქვთ ასეთი აღქმა, რომ თუ ამ ცვლილებას განვახორციელებთ, თურმე უმცირესობების უფლებას ვზღუდავთ. ისინი ფართოდ განმარტავენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მათ ამ უფლებას დღეს თუ არ ანიჭებს, ხვალ და ზეგ მისცემს უფლებას, რომ ასე განიმარტოს კონსტიტუცია. ამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამის განხორციელება”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ პროექტის ინიცირების შემდეგ პარლამენტში უცხოეთიდან უამრავი წერილი შევიდა ამ კანონის არ მისაღებად.
”მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული ნორმის ინიცირება მოვახდინეთ და დავიწყეთ მსჯელობა პარლამენტში, ათეულობით წერილი შემოვიდა პარლამენტში პირადად ჩემს სახელზე და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ეს წერილები იყო უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ინიციატივა უკან გაგვეხმო.
საფუძვლად მითითებული იყო, რომ ამ ცვლილებით პარლამენტი მოახდენს უმცირესობების უფლებების დარღვევას.
კობახიძის განცხადებით, ეს ინიციატივა იმთავითვე მოდიოდა ”ქართული ოცნებისგან” და არჩევნებთან ამ თემის დაკავშირება სპეკულაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები