რამაზ საყვარელიძე: ოპტიმიზმი, მრავალპარტიული პარლამენტის შექმნაზე, შეიძლება არ გამართლდეს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ მომავალ პარლამენტში შეიქმნება სურათი, რომ„ქართული ოცნება“ ფართოდ იყოს წარმოდგენილი და ამაში გადამწყვეტი როლი სხვა პარტიების პასიურობამ ითამაშოს.
როგორც რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდი უცნაურად გამოიყურება იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიები შესამჩნევად პასიურობენ და მასმედიის ეკრანზე, ძირითადად, „ქართული ოცნება“ ჩანს.
„მედიაში ვინც აქტიურობს, ის უფრო მეტ ხმას იღებს არჩევნებში მაშინაც კი, როცა ეს აქტიურობა მისთვის წამგებიანია. დონალდ ტრამპმა უამრავი სისულელე იძახა, მთელი ამერიკა ამბობდა, ტრამპი სულელიაო, მაგრამ ხმებს იღებდა სწორედ იმიტომ, რომ ძალიან აქტიური იყო, ანუ უარყოფითი შეფასება კანდიდატს დადებით საქმეს უკეთებს. მასმედიაში არც უარყოფითი და არც დადებითი შეფასებისთვის არავინ აღარ ჩანს. იყო დრო, რომ ძალიან აქტიური იყო „ლეიბორისტების“ ლიდერი, ასევე ნინო ბურჯანაძე და ახლა მათ გარდა, „ ნაციონალებმაც“ კი, დაუკლეს აქტიურობას. როგორც ჩანს, პასიური ფაზა დგება და გამოდის, რომ მასმედიის ეკრანზე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ეს სავარაუდოს ხდის, რომ ოპტიმიზმი, მრავალპარტიული პარლამენტის შექმნაზე, შეიძლება არ გამართლდეს. კვლევის მიხედვით, მომავალ პარლამენტში ოთხი სუბიექტი მოიაზრება, მაგრამ გააჩნია, პარლამენტში პარტია რამდენი წევრით შევა“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური სუბიექტების პასიურობის მიზეზი სტრატეგია იყოს, რადგან ფინანსურად ყველა პარტიას უჭირს და როცა პარტიას ფინანსურად უჭირს, თავის რესურსს ბოლოსკენ გამოიყენებს.
„შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ძალიან ფართოდ იყოს წარმოდგენილი, იმიტომ, რომ სხვა პარტიების პასიურობამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს. შეიძლება, პოლიტიკურმა სპექტრმა სექტემბრისთვის გადადო აქტიურობა, მაგრამ შეცდომაა, რადგან თუკი სექტემბერში ყველა ერთდროულად აყაყანდება, ვერავინ გაიგებს, ვინ ვინ არის, რადგან ერთმანეთს გადაფარავენ. მეეჭვება, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს “, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე ვარაუდით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის გამორიცხული, რომ მანდატებს მოიპოვებს „პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, ან „თავისუფალი დემოკრატები“ და მთლიანობაში გადამწყვეტი იქნება ელექტორატის მობილიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები