სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტს ღია უარი არასდროს უთქვამს და რეფერენდუმის წინააღმდეგ განცხადება არ გაუკეთებია

ქორწინებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმის აუცილებლობის წინააღმდეგ პრეზიდენტს განცხადება არასდროს გაუკეთებია.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სანდრო ბრეგაძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეიძლება პრეზიდენტს აქვს თავისი მოსაზრება, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი უნდა გაჰყვეს ამომრჩევლის ნებას და დანიშნოს რეფერენდუმი. მან ერთსქესიანთა ქორწინება კი არ უნდა აკრძალოს, არამედ მისცეს შანსი მოსახლეობას, რეფერენდუმით დააფიქსირონ საკუთარი ნება და სურვილი. მოსახლეობის ნების შესაბამისად უნდა იმოქმედოს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა და არა – პირიქით. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. პრეზიდენტს ღია უარი არასდროს უთქვამს და რეფერენდუმის წინააღმდეგ განცხადება არ გაუკეთებია“, -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომ რამდენიმე ხნის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უფრო აქტუალური სხვა საკითხები არსებობს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.
საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკოში 13 მაისს შევიდა. მათ მიერ მოთხოვნილი იყო სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარება. კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შემდგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები