მამუკა არეშიძე: პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრად რჩება

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
როგორც გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას არეშიძე ამბობს, პაპუაშვილს სურს, „დააყენოს ბუღი“, რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა – აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო საკმაოდ რთული პროცესი ვითარდება. არ ვარ იურისტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება, მაგრამ რასაც ვხედავ, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს, რაღაც დავალება შეასრულოს, რომელიც ბოლომდე არ გამოსდის. საბოლოო ჯამში, უარყოფით რეზონანსს ქმნის, თან, რაც დრო გადის, ჩანს, რომ არ უნდა, ეს უარყოფითი ფონი მოხსნას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ვითარება.
გაუგებარია, იურისტი კაცი რატომ ამბობს უარს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე?! გაურკვეველია მიზეზიც – ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს.
პაპუაშვილი რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელია. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ამაში ნელ-ნელა სულ უფრო ვრწმუნდები. საერთოდ, ეს პროცესი არ მიიქცევდა ჩემი, როგორც სხვა მიმართულების სპეციალისტის, ყურადღებას, რომ არა მისი ასეთი ეკლექტური და ქაოსური ქმედება.
მას სურს, დააყენოს ბუღი, რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა – აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ. ამიტომ ვამბობ, რომ იგი ვიღაცის დავალებას ასრულებს, თუმცა თავს კარგად ვერ ართმევს“,- განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
პოლიტოლოგის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი ქმედება ორგანოს დისკრედიტაციასა და მისი მუშაობის არევას იწვევს.
„პაპუაშვილი სწორედ ამას ცდილობს – ერთმანეთს დაუპირისპირა მოსამართლეების ორი ჯგუფი. იგი მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, ამ დროს გამოდის მეორე ჯგუფი და ამას უარყოფს.
ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ყბადაღებული თემა – საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხი ჩავარდა. როცა დაინახა, რომ მოსამართლეებში ერთსულოვნება არ იყო და ეს საკითხი ჩავარდა, მაშინვე ზეწოლაზე დაიწყო საუბარი, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ ახორციელებს და რა სახის ზეწოლა ხდება.
ჩემთვის, როგორც არა იურისტისთვის, პაპუაშვილის ქმედება ხასიათდება იმით, რომ ადამიანს უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სტაგნაციაში მოაქციოს“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
არეშიძე პაპუაშვილის განცხადებაზე პრეზიდენტის კომენტარსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტმა მოიგონა, როდესაც მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლა ნაწილობრივ დაადასტურა.
„არ მინდა, იმ ადამიანების რიცხვში ჩავდგე, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს. თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ამას იგონებს. თბილისი არ არის დიდი ქალაქი და ყველამ ვიცით, ცნობილი ადამიანების ოჯახებში რა ხდება. მათ შორის, მეც საქმის კურსში ვარ.
მეცინება, როცა პრეზიდენტი თავისი ოჯახის წევრების ზეწოლაზე საუბრობს. დაახლოებით ვიცი, რაზეც არის საუბარი და არა მხოლოდ მე.
როგორც გვერდიდან მაყურებელს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. მესმის, რომ პაპუაშვილს დავალება აქვს მიღებული, მაგრამ ხომ არსებობს ნორმები?!“,- აცხადებს მამუკა არეშიძე და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების უფრო დაძაბვის მცდელობა არის.
„ახლა ეს დამოკიდებულია საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე, რამდენად აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სურვილს, რომ ქვეყანაში ქაოსური ვითარება შეიქმნას“,- განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები