სააკაშვილი საია-ს პასუხობს: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”

“ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, აქვს იმდენი დრო აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საია-ს გუშინდელ განცხადებას.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სტატუსში აღნიშნავს, იგი საია-ს მიმართავს, დაინტერესდეს, თუ რატომ ჩამოერთვა მას საქართველოს მოქალაქეობა.
“ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.
გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს.
კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება:
“მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”.
სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
საია-ში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია უსკო-ს მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები