რა ღირს რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის დასრულება, ან მისი დემონტაჟი?

რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის დასრულება უზარმაზარ თანხებთან, მილიონებთან არის დაკავშირებული და კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული მისი დემონტაჟიც.
აღნიშნულ თემაზე მასალას აქვეყნებს გაზეთი „მთავარი კვირა“, სადაც აღნიშნულია, რომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის ბედი, რომლის მშენებლობა 2011 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, ამჟამად კი, შენობა მიტოვებული და დანაგვიანებულია.
როგორც ცნობილია, მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, 2013 წელს კი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა.
როგორც “მთელ კვირას” მერიაში განუცხადეს, დასრულდება თეატრის მშენებლობა თუ მისი დემონტაჟი მოხდება, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რადგან ამისთვის დიდი თანხებია საჭირო.
“მშენებლობის დასრულება უზარმაზარ თანხებთან, მილიონებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლობის პროცესში ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. რაც შეეხება დემონტაჟს, ამასაც კოლოსალური თანხები სჭირდება. ამიტომ ამ შენობასთან დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა,” – აცხადებენ მერიაში, სადაც არა აქვთ პასუხი კითხვებზე, შენობის დასრულებისთვის (ან დემონტაჟისთვის) კონკრეტულად რა თანხაა საჭირო, რა ხარვეზებზეა საუბარი და რა ვადაში გადაწყდება შენობის ბედი.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ახვლედიანი, რომელიც თეატრის მშენებლობის დროს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ “კოლოსალური თანხები” არც შენობის დასრულებას უნდა და არც დემონტაჟს.
“შენობის კარკასული ნაწილი, ასევე გარე ფასადი მთლიანად დასრულებულია და კომუნიკაციები ბოლომდეა მიყვანილი. თეატრი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთში რამდენიმე წლის წინ ღონისძიებაც გაიმართა. სამწუხაროდ, მერია მხოლოდ საუბრობს და ვერაფერს აკეთებს. ელემენტარულად გზას ვერ აგებენ და ამ არქიტექტურულად რთული კონსტრუქციის დასრულება ალბათ მათთვის გადაუწყვეტელი საკითხია, რასაც ვერაფრით აგვარებენ. რაც შეეხება იმას, რიყეზე მსგავსი შენობის არსებობა ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, გემოვნებაზე არ დავობენ,” – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
მისი თქმით, თეატრის მშენებლობის პროცესში არანაირი შეცდომა არ დაშვებულა და ის აშენდა ზუსტად იმ პროექტის მიხედვით, რაც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა შექმნა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობას ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მერმა გიგი უგულავამ ჩაუყარეს საფუძველი. შენობა 500-მდე მაყურებელზე იყო გათვლილი და მისი დასრულება 2012 წელს იგეგმებოდა. თუმცა, შენობის დემონტაჟზე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის დროსვე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მისი დიზაინი არ მოსწონდა.
მოგვიანებით, მშენებლობას დაფინანსება იმ მოტივით შეუწყდა, რომ საქმეში ექსპერტები ჩაერთვებოდნენ და უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლიდნენ, თუმცა ამ დრომდე არც ექსპერტების დასკვნაა ცნობილი და არც კონკრეტული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები