საგანგაშო სტატისტიკა ზესტაფონში – ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა

ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკური მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, სიმსივნის ფორმებს შორის, ყველაზე ხშირი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სასუნთქი ორგანოების სიმსივნეებია. გარემოს დამცველები ონკოლოგიური დაავადებების ზრდას ზესტაფონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებენ.
სტატიის თანახმად, ზესტაფონში 6 კომპანიაა,რომელიც ფერად მეტალებზე მუშაობს. მოსახლეობისა და გარემოს დაცვის ექსპერტების თქმით, ზოგიერთი კომპანია არ იცავს წიაღისეულის მოპოვებისა და დამუშავების წესებს და ჰაერს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებით ამდიდრებს.
„ხალხი ფილტვის კიბოთია დაავადებული. მანქანის მინას სულ ვწმენდ, ჩამოვწევ და მტვერია, ავწევ და ცხელა“,-აცხადებენ ადგილობრივები.
შპს „ეკომეტალი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომელიც ზესტაფონის ტერიტორიაზე სილიკომანგანუმს აწარმოებს და ერთადერთია, რომელიც წიდის დაქუცმაცებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკას ფლობს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩიდან ამოღებულ სილიკომანგანუმს აქუცმაცებს, რის შედეგადაც დგება მტვერი და მოსახლეობასა და ეკოლოგიას პრობლემას უქმნის.
როგორც გარემოსდამცველმა ნინო ჩხობაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მტვერი საწარმოს ტერიტორიიდან არ უნდა გამოდიოდეს. როცა დააქუცმაცებენ, შემდეგ, როგორც წესი, რეცხავენ. შეიძლება არც რეცხავენ და პირდაპირ გააქვთ. საწარმოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფილტრი და მტვერი ტერიტორიის გარეთ არ უნდა გამოდიოდეს.
გამოცემა დაინტერესდა, შეუმჩნევია თუ არა მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობას კომპანიის ტერიტორიიდან ამომავალი მტვერი. მოსახლეობის ერთი ნაწილი არსებულ მდგომარეობას შეეგუა და მტვერს საერთოდ ვეღარ ამჩნევს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემას არ ეგუებიან და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ.
„სილიკომანგანუმს ღამით აქუცმაცებენ, რომ მტვერი ვერავინ შეამჩნიოს. გვაწუხებს მტვერი, ბოლო სამი წელია აზოტი მაქვს და არ შეიძლება არც კვამლი, არც მტვერი. ეს ქვის საფშვნელი ღამეც მუშაობს და ძალიან დიდი ხმა აქვს. ასე ამბობენ, რომ მაგ ქარხანაში პლასტმასის საამქროსაც აკეთებენ. დაგვხოცავენ და ეგ იქნება. ღამე არ ჩანს მტვერი, მაგრამ რომ გახედავ, სულ დაბურულია. თეთრ ტანსაცმელს რომ გასაშრობად ვკიდებ, რომ ჩამოვხსნი, სულ ყვითელია“,-აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები