მერაბ ტურავა პაპუაშვილზე – სწორედ მისი განცხადება გახდა ფსიქოლოგიური ზეწოლის მატარებელი მოსამართლეებისთვის

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ზეწოლა იყო არა ხელისუფლების, არამედ სხვა რომელიმე ძალის მხრიდან, რათა ასეთი დაუკონკრეტებელი და ზოგადი ინფორმაციით მოსამართლეების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დამდგარიყო,-ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად განაცხადა.
როგორც მოსამართლე ტურავა ირწმუნება, პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყველა მოსამართლე კატეგორიულად უარყოფს.
მოსამართლე ტურავა, პაპუაშვილს აღნიშნული განცხადების გამო, მოსამართლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„გიგი უგულავასა და “კაბელების საქმეზე” პროცესი იყო ჩანიშნული, როდესაც თავმჯდომარემ წინა დღეს გააჟღერა ეს საჯარო ბრალდება. ამ განცხადებამ მოსამართლეთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლეს, რომელიც საქმეს იხილავს და არ იცის, მის გვერდით მჯდომი რომელი კოლეგაა ზეწოლის ქვეშ, გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება , რადგან ფიქრობს, რომ რომელიღაც მათგანი ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.
სწორედ თავმჯდომარის განცხადება გახდა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მატარებელი მოსამართლეებისთვის.
გიორგი პაპუაშვილს შეეძლო, წინა დღეს ჩაეტარებინა პლენუმის დახურული სხდომა და იქ შეეთანხმებინა მოსამართლეებთან მისი განცხადების შინაარსი. მას ამ დროს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა ის მოსამართლე, ან მოსამართლეები, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა.
რაკი ასე არ მოხდა, მეორე დღეს, როცა ჩვენ დარბაზში შევედით, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სანამ პროკურატურა არ დაადგენს, ვისზე ხდებოდა ზეწოლა, ან ხდებოდა თუ არა ეს ზეწოლა, საერთოდ, არ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა.
ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში ჩვენ არ ვყოფილიყავით ეჭვმიტანილები “ზეწოლის” გამო მიკერძოებულობაში.
სიმართლე გითხრათ, მე პირიქით მგონია, იქნებ ჩანაფიქრი სულ სხვა იყო, ვთქვათ ასეთი – მოდი, ჩვენ პრევენციის სახით ახლა გამოვაცხადოთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, ისინი გახდებიან ეჭვმიტანილები, ისინი იძულებულები იქნებიან, ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღონ კონკრეტულ საქმეზე და თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იქნება დისკრედიტებული და გახდება დაუსრულებელი პოლიტიკური დისკუსიებისა და სპეკულაციის საგანი.
პროკურატურაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ჩემს რამდენიმე კოლეგასთან მქონდა საუბარი და ყველამ უარყო ეს ფაქტი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია სხვა კოლეგებისგანაც, რა თქვეს პროკურატურაში გამოკითხვის დროს. შესაბამისად, მოსამართლეებისგან მიღებული ინფორმაციით, არცერთი არ ადასტურებს ამ ფაქტს“,- განაცხადა ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები