ვინ ჩაანაცვლებს თეა სიჭინავასა და თეა გოგელიას „იმედში“- რა საკადრო გადაადგილებები იგეგმება არხზე

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემას, „ქრონიკა რვაზე“ ნანა ლეჟავა წაიყვანს, ხოლო თეა სიჭინავა პარასკევის ტოქშოუ „პოლიტიკის“ წამყვანი იქნება, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციითვე, თეონა გეგელია კი, რომელსაც „პოლიტიკა“ მიჰყავდა, „იმედის“ ვებგვერდზე იმუშავებს. გაზეთ „ალიას“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია ჟურნალისტიკას უბრუნდება და მუშაობას „იმედში“ იწყებს.
ამავე სტატიის თანახმად, დარსალია ნანა ლეჟავას მოადგილე იქნება და თან ჟურნალისტურ გამოძიებაზე იმუშავებს. სტატიაში ასევე წერია, რომ განიხილება სხვა ვარიანტიც და შესაძლოა, იმედა დარსალია, ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფს ჩაუდგეს სათავეში, რომლის შექმნაზეც „იმედზე“ უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ იმედა დარსალია და ნანა ლეჟავა სტუდია „ჯი-ენ- სის“ გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ წლების მანძილზე ერთად მუშაობდნენ. სტატიაში აქვე აღნიშნულია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე იმედა დარსალია არ ადასტურებს. ამასთანავე, „ალია“ ტელეკომპანიის მენეჯმენტის ცვლილებებზეც წერს. გამოცემის ინფორმაციით, არხის გენერალურ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ინფორმაციის თანახმად კი ამ თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა, რომელიც არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის უახლოესი მეგობარია. იგი პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი „კორ სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. „ალიას“ ცნობით, კი კალანდარიშვილი მალე ბახტაძეს ჩაანაცვლებს და გენერალურ დირექტორად დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები