გიორგი კეკელიძე: ის, რაც ქართულ გზებზე ხდება, არის სიკვდილის ატრაქციონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავარიისას დაშავებული მორაგბის მეუღლის გარდაცვალების ფაქტს სტატუსს უძღვნის, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა იმ საშინელ ავარიას. ახლა, ყველაზე არაეთიკური ვინმესკენ თითის გაშვერა იქნება. ახლა, ამ წუთებში. ჩემი სამძიმარი ყველა მათგანის ოჯახს. მაგრამ ზოგადად აუცილებლად უნდა ითქვას, სხვებზე და ათასია ასეთი სხვა: მთელი დღე-ღამე გზებზე ვარ, ძირითადი ტრასების მგონი ყველა კენჭის ფერი მეცნობა და, ასე თუ ისე, საჭის ტრიალიც ვიცი, მარჯვნიდან არხეინად გამსწრებ “ბნვეიან” “კაცებზე” და რაღაც სამთავრობო ნიშნულიან “გემების” მძღოლებზე არანაკლები.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სიტყვებს ეგებ ვინმესთვის მაგალითის ძალა ჰქონდეს: არც ტრასის ცოდნა და არც მანქანაზე მიკრული ქაღალდი, არ გამხდარა სხვის ჯანმრთელობაზე სათამაშო საშვი ჩემთვის. არც თავის მოსაწონი. ეს უკანასკნელი ამბავი, გასწრებით თავის მოწონება, ხომ საერთოდ კომიკური იქნებოდა, ტრაგიკულ ამბებამდე რომ არ მივყავდეთ.
ის, რაც ქართულ გზებზე ხდება, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც სიჩქარის შემზღუდველი მოხსნილია, არის სიკვდილის ატრაქციონი. მცირე საცობებსასაც კი ტროტუარების გადაჯეგვა მოსდევს ძალიან გულგრილი სახით. აი, დღესაც სამეგრელოდან მოვდიოდი და ბარემ ექვსი ავარია შემხვდა და ათას ექვსი შლეგური მანევრი. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ითქვას – რიგში სხვა სიცოცხლეები დგანან. გავაუქმოთ სიკვდილისკენ მიმავალი ეს რიგი, ეს სწრაფი რიგი მაინც გავაუქმოთ, თორემ იმ ცოტა გრძელ რიგს ხომ მაინც ვერ გადავურჩებით. მეტი კონტროლი ქართულ გზებს, მეტი თვითკონტორილი გზებზე მოსიარულეებს”! – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები