კოტე კემულარია: “ნაციონალებმა“ ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება. ის “სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.
კოტე კემულარია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს.
“2007 წელს “ნაციონალური მოძრაობიდან“ და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლა გადავწყვიტე. “ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად დავტოვე. მას შემდეგ პარტიასთან და მის ლიდერებთან კონტაქტი აღარ მქონია. ვხედავდი, რომ მაშინ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდა – ამის შესახებ სააკაშვილთანაც ხშირად მისაუბრია. არ შეიძლება ხელისუფლება ახალგაზრდა, გამოუცდელ და გაუწონასწორებელ პირებს ჩააბარო. სააკაშვილმა კი ძალაუფლება ასეთებს, მათ შორის, ახალაიებსა და კეზერაშვილს გადაულოცა. მათივე თვითნებობა მალევე სისტემურ დარღვევებში გადაიზარდა. როდესაც ამ ხალხთან ბრძოლაში ვერაფერს გავხდი, გუნდი დავტოვე“, – აცხადებს კემულარია.
რაც შეეხება მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ ე.წ. კანონიერ ქურდის, დავით ქურასბედიანის გოგირდის აბანოებში გასეირნების ფაქტის გახსენებას და კემულარიას კავშირს “შავ ფულთან“, კემულარია აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ბრალდებებია.
“სად არის ფაქტები, იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები! თუ ეს ფაქტები ჰქონდათ, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე?“ -აღნიშნავს კემულარია.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კორუფციულ დანაშაულზე ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, კემულარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ სურს საკითხზე საუბარი.
„ამაზე ახლა საუბარი, როდესაც პოლიტიკაში დავბრუნდი, დაგვიანებულია. მოვალთ ხელისუფლებაში და დავსჯით იმ პირებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. “ნაციონალებმა“ ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს, ამიტომ მათი ბრალდებები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა“, -აღნიშნავს კემულარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები