საარჩევნო სკანდალები “ნაციონალებში” – მიშას პრემიერობაზე უარი უთხრეს, სანდრა ქმარს პირობებს უყენებს

გაზეთი „პრაიმტაიმი“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის ურთიერთობები დაიძაბა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია არ დაეთანხმა სანდრა რულოვსის „ნაციონალების“ პირველ ნომრად ჩაწერას. ამასთან, სააკაშვილმა პარტია ვერც პრემიერად მის წარდგენაზე დაითანხმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებაში ბოკერიამ, შეიძლება ითქვას, გაიმარჯვა. საარჩევნო მარათონზე გიგა ჯერჯერობით მიშას ყველა საკითხში უგებს. სხვებისგან განსხვავებით, ის არ დაეთანხმა სანდრა რულოვსის ნაციონალების პირველი ნომრად ჩაწერას. ამ პოზიციებზე მან დავით ბაქრაძე დაალობირა. საარჩევნო სიის პირველი ათეულიც სწორედ მან შეადგინა… სააკაშვილმა პარტია ვერც პრემიერად მის წარდგენაზე დაითანხმა. როცა მიშას პრემიერობაზე ვსაუბრობთ, რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ჩრდილოვან კაბინეტს, რომლის პრეზენტაციასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მალე მოახდენს და ამ კაბინეტში სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ პრემიერად სწორედ ის დასახელებულიყო. ბოკერიამ აქაც თავისი გაიტანა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ამ პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში ბოკერიას ფავორიტი…
სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდებს შორის ღია დაპირისპირება სოციალურ ქსელშიც იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი წაკინკლავება მათ ყრილობასთან დაკავშირებით მოუვიდათ. სააკაშვილის მიერ დაანონსებული ყრილობის ადგილი – დიდგორი, მათ გუნდებს შორის ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის თემა გახდა. ბოკერიას გუნდმა სააკაშვილის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიულ ნაწილადაც კი მონათლა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს.
თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს რთული პერიოდი მხოლოდ პოლიტიკაში არ უდგას. ახლა მას სანდრა რულოვსთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რომელსაც პოლიტიკაში კიდევ უფრო აქტიურ ჩართვაზე ვერ ითანხმებს. ექსპრეზიდენტის ცოლს თავისი პირობები აქვს.
სანდრა რულოვსის ფაქტორი პოლიტიკაში ერთსახოვანი ნამდვილად არ არის. ექსპრეზიდენტის თავმდაბალი, საქართველოზე შეყვარებული, მეგრულად ამღერებული მეუღლე სწორედ ის „ფიშკაა“ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელზე გათვლაც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. თუმცა, ექვსი წლის წინანდელ ამბებს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა კი აქამდე კულუარულად განხილული თემის მესიჯები გარეთ უკვე ცხადად გამოდის და რულოვსი მეუღლის ნაცვლად ახლავს ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატებს: ელენე ხოშტარიას – წყნეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილს – იორმუღანლოში, ლევან ვარშალომიძეს – ბათუმში…
ნაციონალების პარტიული კულისებიდან ცნობილი ხდება, რომ მიშა სანდრას უფრო მეტზე ვერც თავად ითანხმებს. ერთია, რომ ბოკერიაა წინააღმდეგი და მეორეა, რომ სანდრას თავისი პირობები აქვს. ეს პირობა კი იმ ქალბატონებს ეხება, ვისაც ყვითელ პრესაში ხშირად პრეზიდენტის ფავორიტ ქალებად მოიხსენიებდნენ. სააკაშვილს მათი სიაში ჩასმა, ან მაჟორიტარად წარდგენა სურს. თუმცა, უკვე ზუსტად იცის, რომ, თუკი ასეთ რისკზე წავა, პოლიტიკაში სანდრას მხარდაჭერას დაკარგავს. სანდრა ელენე ხოშტარიას კი დაჰყვება მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკეში, მაგრამ ის სოფო ნიჟარაძეს, ან ვერა ქობალიას გვერდით გამოჩენას (სხვათა შორის, ითქვა, რომ ვერამ სააკაშვილს სოლიდური თანხა მოსთხოვა პოლიტიკაში ჩართვის სანაცვლოდ) არ დასთანხმდება. ნაციონალები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ეს კარგად იცის.
სანდრა, საერთოდაც, არასოდეს მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, სადაც მის გვერდით კი არა, მის სიახლოვეს პრეზიდენტის ფავორიტად მონათლული რომელიმე დივა შეიძლებოდა გამოჩენილიყო. და მართალია, დღეს ნაციონალების საარჩევნო სიაში ვერ იპოვით სოფოს ან ვერას გვარებს, მაგრამ ნინო კალანდაძე მაინც გამოჩნდა – ის ოცეულში საპატიო ადგილს იკავებს. როგორც ამბობენ, სანდრა რულოვსისთვის ესეც მიუღებელია.
ამასთანავე, სანდრას არც ის უნდა ეპიტნავებოდეს, რომ სანამ მისი მეუღლე მასთან პოლიტიკურ თემებზე გადის კონსულტაციებს და პოლიტიკაში დახმარებას მეუღლეს სთხოვს, სხვებთან (მაგალითად, როგორც ამბობენ, სოფო ნიჟარაძესთან) ერთობა. მოკლედ, მიშას ფავორიტი ქალების თემა ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა სანდრაზე.
მანამდე კი სააკაშვილი, როგორც ჩანს, ნერვების დაოკებას კვლავაც ტრანკვილიზატორებით აგრძელებს – ორ ქვეყანაში ოპონენტების გამკლავება ხუმრობა საქმე როდია… თავის დროზე საქართველოში ოპოზიციაც ხმაურობდა, ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. ამჯერად კი „პრაიმტაიმისთვის“ სანდო ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილი ინტენსიურად იღებს ადაბტოლსა და ფოკუსინს…
„ადაბტოლი (დღის ტრანკვილიზატორი) ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ინტეგრაციას, მათ შორის ფსიქიკური ფუნქციების, ასევე ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. პრეპარატი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლის დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციასა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში, რადგან მას არ ახასიათებს გონებრივი ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება“, – ასე წერია მის ინსტრუქციაში.
რაც შეეხება ფოკუსინს, ის უროლოგიური და გინეკოლოგიური პრეპარატია და გარდა სხვა სამკურნალო თვისებებისა, ხელს უწყობს აღგზნებადობას, – აღნიშნულია „პრაიმტაიმის“ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები