ცოტნე კობერიძე: როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა – მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს
“მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს – სააკაშვილმა კი აქტიური კამპანია დაიწყო,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კობერიძემ აღნიშნა, რომ “ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს, პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილს დიდი როლი ჰქონდეს, ხოლო ოპოზიციაში წამყვანი როლი პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავოს. მისივე თქმით, არც “ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის პრობლემა, რომ მთავარი ძალა ოპოზიციაში იყოს.
კობერიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიდგა და დაშალა“.
“სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2028 წლის არჩევნებში მთავარი სუბიექტი თვითონ იყოს. ეს გადაწყვეტილება მან გაზაფხულზე მიიღო. ამის შემდეგ გააქტიურდა და პარტია “ახალს“ დაუპირისპირდა. გადაწყვიტა: ჩემი ოქრო ჩემთან – რა ხმებსაც წართმეულად თვლის, მის დაბრუნებას თვლის საჭიროდ, ხოლო ხმებზე დარდობ მაშინ, თუ თვლი, რომ არჩევნებზე გახვალ.
ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში პატარა სასამართლო პროცესები მქონია. იქ ერთი გადახვეული სიტყვა რომ მეთქვა, მოსამართლის შენიშვნას მივიღებდი. მიხეილ სააკაშვილს შესაშური “სპიჩები“ აქვს. რომ იყოს გადაწყვეტილი, რომ ამ კაცს ამდენი არ უნდა ვასაუბროთ, სასამართლოში ამის უფლებას არ მისცემდნენ“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
კობერიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი და ინსტიტუციებზე უარის თქმა შეცდომა იყო. როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმას, რომ ძალაუფლება ერთ თვეში აიღოს ხელში, ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი სუსტდება.
“ზოგადად, პოლიტიკა ციკლურია. როდესაც ინსტიტუციურ პოლიტიკაზე უარს ამბობ, დაგიდგება მომენტი, როცა ცხელი და ემოციური ფონი აღარ იქნება. ამის მერე პოლიტიკა ჭირს. როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა.
ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
“დღის ნიუსრუმში“ საუბრის კიდევ ერთი თემა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. “საბოტაჟის საქმე“ იყო. კობერიძის განცხადებით, “თუ აშშ-ს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები “ქართული ოცნებისთვის“ მოსაწონად წავა, შეიძლება ეს ხალხი არ დაიჭირონ“. კობერიძის თქმითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ხალხს დაიჭერენ და იტყვიან: – „მძევლები გვყავს და გველაპარაკეთ“.
კობერიძემ დღეს პარტია “ნეიტრალური საქართველოზეც“ ისაუბრა, რომლის საჩივრის საფუძველზეც “საბოტაჟის საქმე“ დაიწყო.
“ნეიტრალური საქართველო“ მსგავსი ტიპის ამპლუით ხშირად გვინახავს. თუ გადავხედავთ კანონებს, რასაც “ოცნება“ იღებს, “ნეიტრალური საქართველო“ მისი აღსრულების ნაწილში მონაწილეობს. ძალიან სინქრონულად არიან და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს “ოცნებასთან“ თანამშრომლობით ხდება. მაგალითად, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ნაწილში, “ფეისბუქზე“ პოლიტიკოსების კრიტიკის რეგულირება რომ მოხდა, ეს ხშირ შემთხვევაში გასაჩივრებულია “ნეიტრალური საქართველოს“ მიერ. ქუჩის გადაკეტვის შემთხვევებშიც მომჩივანი მხარე “ნეიტრალური საქართველოა“. დიდი ხანია “ნეიტრალურ საქართველოს“ პასტა არ გაუგდია პროკურატურაში – ის ამით არის დასაქმებული. საკუთარი თვალით მინახავ მათი ლიდერი ვატო შაქარიშვილი როგორ აქებდა ზურაბ ჯაფარიძეს და როგორ ლანძღავდა “ქართულ ოცნებას. შემდეგ გვინახავს პირიქით, როცა “გირჩის“ ბანაკში ქვით ხელში მოვიდა. ასეთ რაღაცას ადამიანი მოხალისეობრივად არ აკეთებს. აკეთებს, როცა გარიგებულია მთავრობასთან და სუს-თან.
“ნეიტრალური საქართველოს“ ცალკე განხილვას აზრი არა აქვს. ეს არის “ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ თვეების განმავლობაში კვანძი გაიხსნას და კვანძის გასახსნელად ეს პოლიტიკოსები ჰყავს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
კობერიძის შეფასებით, შექმნილი ვითარების ფონზე, საზოგადოების მხრიდან გადალახულია ზღვარი, როცა არავის არაფერი უკვირს და აოცებს. მისივე თქმით, პოლიტიკის მიმართ ინტერესი დაკარგულია.
“წინა ჯერზე, როცა პოლიტიკოსების 7-7 თვით დაჭერა ხდებოდა, საზოგადოება თითქოს უფრო ჩართული იყო. მეტი განსჯა იყო. დღეს ეს საკითხი დაჩქარდა და მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით, ღლიცინ-სიცილით შეიძლება უცბად იმის გააზრება მოგვიწიოს, რომ ლიდერების უდიდესი ნაწილი ციხეშია. პოლიტიკის მიმართ ინტერესი დაკარგულია და გადალახულია, როცა არავის არაფერი აღარ აოცებს, აღარ უკვირს, გვაქვს სქელი კანი. მაქვს განცდა, რომ ცალკეული ტიპის მატრიცაა, სადაც ჩვენი მოლოდინები, ხედვები არსებობს, მაგრამ ხალხი ცალკე ცხოვრობს – მათთან ინფორმაცია ან არ აღწევს ან თუ აღწევს, მათთვის ახალი არაფერი არ არის. ზოგადად, მოქალაქეს უნდა პოლიტიკოსი, რომელიც მის პრობლემას აგვარებს და როცა ხედავს, აქეთ რამდენ პრობლემაშია პოლიტიკური სპექტრი გახვეული, ნაკლებ ინტერესს იწვევს. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც ბოლო წლებია მიმდინარეობს“, – განაცხადა კობერიძემ.
კობერიძე ამბობს იმასაც, რომ “ვერ უნდა ვიტანდეთ, ქვეყანაში გვყავდეს ფაშა“. მისი თქმით, როცა ქვეყანას პირველი პირი ჰყავს, მაგრამ ამ პირველ პირს კიდევ სხვა პირველი პირი ჰყავს და ასე ვიმართებით, თუ ეს არ გვაწუხებს, ამის იქეთ აღარაფერი საინტერესო აღარ არის.
“ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს და როდესაც ამხელა ძალაუფლება და რესურსი გაქვს, რაღაცებს დიდი გროსმაისტერობა არ სჭირდება. იმის გამო, რომ ოპოზიციას ძალიან ცოტა ძალაუფლება და არჩევანი აქვს, მარტივად საპროგნოზოა, ოპოზიციაში ვინ როგორ მოიქცევა. ამას დიდი გროსმაისტერობა არ სჭირდება. გასაკვირია, როცა პრემიერ-მინისტრი პირველი პირია და სხვა ადამიანის ამდენ ქება-დიდებას ახდენს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად უნდა აქო ან თუ ვინმე დებატებში აუგად ახსენებს, გამოხვიდე და ბრიფინგი მოაწყო, არასწორად გამოიყურება. როცა ქვეყანას პირველი პირი ჰყავს, მაგრამ ამ პირველ პირს კიდევ სხვა პირველი პირი ჰყავს და ასე ვიმართებით, თუ ეს არ გვაწუხებს, ამის იქეთ აღარაფერი საინტერესო არ არის – ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ვერ უნდა ვიტანდეთ, რომ ქვეყანაში გვყავდეს ფაშა! ფაშის ყოლა არ მოსულა!“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.