ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალი პროფესიული პროგრამა იწყება
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ და შპს „საერთაშორისო პროფესიული განათლების აკადემიამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ახალი პროფესიული სადიპლომო პროგრამის განვითარებასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს.
პროგრამა ორიენტირებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეთავსებაზე. სწორედ ამიტომ, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ პროექტში გარემოსდაცვითი მიმართულების წამყვანი პარტნიორის როლს შეასრულებს და სტუდენტების პრაქტიკული სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
„ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერება, თანამედროვე გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელება და იმ კადრების მომზადება, რომლებიც ნარჩენების მართვის სფეროს მოთხოვნებს უპასუხებენ“ – განაცხადა „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.
მხარეების შეფასებით, საგანმანათლებლო სექტორსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვემო ქართლის რეგიონის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებაში და ხელს შეუწყობს მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, აქტიურად დაუჭირონ მხარი პროგრამის წარმატებით განხორციელებას და აღნიშნავენ, რომ პარტნიორობა დადებით შედეგებს მოუტანს როგორც სტუდენტებს, ისე მთლიანად რეგიონს.