ფონდ „იავნანას“ მიერ გასაიდუმლოებული ფინანსური ოპერაციები – პაატა ბურჭულაძის მიმართ კითხვები ჩნდება

“პაატა ბურჭულაძის მიმართ შეკითხვები გაჩნდა”, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტამი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „იავნანას“ ფონდის საქმიანობის შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი წერს, წლების განმავლობაში რა თანხა შედიოდა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ და რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ის, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
საქველმოქმედო აქციებიდან შესული თანხების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია კი საიტზე განთავსებული არ არის. თუმცა „პრაიმტაიმმა“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია მაინც მოიძია.
„პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებული დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ფონდმა „იავნანამ“, ქველმოქმედების სახით, 9 მილიონამდე ლარი მიიღო და მხოლოდ 3 მილიონამდე დაიხარჯა ქველმოქმედებაში.
„და მაშინ, სად წავიდა დანარჩენი 6 მილიონამდე ლარი?
ინფორმაციისთვის: ფონდის ყველა თანამშრომელი ამჯერად შვებულებაშია, ანგარიშების მოძრაობის თაობაზე ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება, თუმცა, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის. ცხადია, როგორც თეა ჯორბენაძემ აგვიხსნა, სპეციფიკურ ჟურნალებში მონაცემები არის და ის ფინანსთა სამინისტროში დევს, მაგრამ აქ საუბარია მოქალაქეებისთვის ინფორმაციის წვდომაზე. ასე რომ, მონაცემები „იავნანას“ ვებგვერდზე უნდა იყოს განთავსებული. რატომ არ არის? გასაიდუმლოებულია? სად დაიკარგა დანარჩენი 6 მილიონი? საკმარისია, ეს ლეგიტიმური შეკითხვები გაგიჩნდეთ, რომ მაშინვე მოინათლებით შავი პიარის ნაწილად და ასე შემდეგ.
როგორც ჩანს, უფრო ადვილია, თავს დაგესხან სხვადასხვა ბრალდებით, ვიდრე კითხვებზე პასუხი მოგცენ. შესაძლოა, მათი ლოგიკა აქაც არის. ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის უწყებებს. ოფიციალური დოკუმენტების მიღებამდე, მხოლოდ გეტყვით, რომ „იავნანას“ რამდენიმესართულიანი ოფისი აქვს კოსტავას ქუჩაზე, ჰყავს დიდი რაოდენობის სტაფი და ემსახურება ძვირადღირებული მანქანები. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, „ტოიოტა ცენტრ თბილისიდან“ გამოყვანილია ორი ავტომობილი: TOYOTA LAND CRUISER 200, სახ # IAV-001 და სედანის ტიპის ა/მ TOYOTA CAMRY სახ#IAV-002.
ეს ძვირად ღირებული მანქანები პირადად პაატა ბურჭულაძეს ემსახურებიან. ემსახურებიან დღესაც, როცა ის უკვე პოლიტიკაშია და ფონდთან საერთო აღარაფერი უნდა ჰქონდეს. TOYOTA CAMRY, რომლითაც დღეს უკვე პოლიტიკოსი ბურჭულაძე გადაადგილდება, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ფონდის სახსრებით არის ნაყიდი. ანუ ეს ქველმოქმედების სახელით აკრეფილი ფულია, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ იმ ადამიანებს მოხმარდათ, ვინც ჩვენს დახმარებასა და თანადგომას ყველაზე მეტად იმსახურებს.
არის კი პაატა ბურჭულაძე ასეთ ადამიანთა რიგში? საჭიროებს ის ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას? ვიცოდით ჩვენ, რომ ფული, რომელიც ქველმოქმედებისთვის გადავრიცხეთ, ბურჭულაძის ფუფუნების საგნებს მოხმარდებოდა? გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რაში იხარჯება ჩვენ მიერ გაღებული თანხები? კითხვა ბევრია, პასუხები კი – არა. „იავნანას“ სტაფი 20 აგვისტომდე შვებულებაშია“, – წერს სტატიის ავტორი გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში.
ფონდი 2004 წელს დაარსდა. პაატა ბურჭულაძემ ის საკმაოდ ჭკვიანურად ააწყო: მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქველმოქმედო კონცერტების, გლამურული მიღებების, მდიდრული საღამოების მოწყობა. პერმანენტულად ფონდი მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის შოუებსა და სარეკლამო კამპანიებში. ამ აქტივობების დეკლარირებული მიზანი მოქალაქეებისგან თანხების მოზიდვაა. ეს თანხები, წესით, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ. ახლა პაატა პოლიტიკაშია. ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები