ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

2016 წლის 22 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა – ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს, ვოლფგანგ შიობლეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“ბატონო ვოლფგანგ! შემძრა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში დატრიალებულმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გაცილებით მეტი – მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები – დაიჭრა მოძალადის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამ დიდი შოკისა და გლოვის წუთებში, მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება, რომელსაც დაღუპულების ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისადმი გამოვხატავ, დაჭრილებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიგულეთ თქვენთან, ქვეყნის ხელისუფლებისა და გერმანელი ერის გვერდით. მწამს, რომ მომავალში მოახერხებთ ამ საშინელი ფაქტების აღკვეთას, რადგან ტერორიზმი მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნის. ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტერორიზმი გლობალურ საფრთხედ იქცა, ბოლოდროინდელი მოვლენები ბრიუსელში, პარიზში, ნიცაში, სტამბოლში და ბოლოს მიუნხენში, ამას ადასტურებს და მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დადგეს ერთად ამ ბოროტების წინააღმდეგ. კვლავ გარწმუნებთ ჩვენს მხარდაჭერაში ამ მტკივნეულ დროს. გისურვებთ მშვიდობას და სიძლიერეს თქვენ და გერმანელ ერს”,- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები