პრეზიდენტი იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის პირები, რომლებმაც ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა დაისაჯონ. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუ რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში.
„ნებისმიერ ბრალდებულს გააჩნია თავისი უფლებები და ეს უფლებები უნდა დაიცვას სახელმწიფომ. ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული. მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია. როგორც სტრასბურგი ამბობს, მოხდა ამ უფლებების შელახვა. ის ადამიანები, რომლებმაც მერაბიშვილის უფლებები შელახეს, რომლებმაც საქართველოს ინტერესები შელახეს და ქართული სახელმწიფო დააყენეს სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა დაისაჯონ.
უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში, და მეორე – უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება. ვინც ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა იქნენ დასჯილები. მათ არამარტო მერაბიშვილი დააზიანეს, არამედ მათ ძალიან კონკრეტულად დააზიანეს ქართული სახელმწიფოს იმიჯი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ბრალეულობას, მარგველაშვილმა კონკრეტულად მის მაგალითზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფომ ადამიანის უფლებები დაარღვია, ავტომატურად არ გულისხმობს იმ პირის უდანაშაულობას. პრეზიდენტის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.
„სტარასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი როგორც ბრალდებულის უფლებები დაირღვა, მაგრამ მისი პატიმრობაში ყოფნა არის თუ არა პოლიტიკური მიზნით განზრახულობა, ეს სტრასბურგს არ უწერია. მე არ ვთვლი, რომ მერაბიშვილი ზის პოლიტიკურ ნიშნით და ეს არც სტრასბურგს არ უწერია“, – განაცხადა მარველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები