გიორგი მარგველაშვილი კორცხელის ინციდენტზე – „ეს არის კრიმინალი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე“

ეს არის კრიმინალი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, იმიტომ, რომ არჩევნები არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკოს, არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „რუსთავი 2“- ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კორცხელის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ საქმეზე საზოგადოებამ ეფექტური გამოძიება ვერ ნახა.
„როდესაც საარჩევნო დღეს ასეთი მასიური ძალადობა ხდება, ეს არ არის კრიმინალი. კონკრეტული კრიმინალი არის, როდესაც მე თქვენ ზიანს მოგაყენებთ. ეს არის კრიმინალი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, იმიტომ, რომ არჩევნები არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკოს, არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას.
როდესაც შენ არჩევნების დღეს გგონია, რომ სიტუაციას გადატეხავ და რაღაც შედეგს მიიღებ, ან რაღაც პროცესებზე იმოქმედებ მუშტი-კრივით, ასეთ შემთხვევაში, შენ მიდიხარ სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ. პოლიტიკოსი იქ მესამე რიგის დაზარალებულია, ვისაც ფიზიკურად შეეხნენ. იქ პირველ რიგში შეეხნენ სახელმწიფოს, საზოგადოებას და ჩვენს დემოკრატიას.
ამის შემდეგ გაკეთდა ძალიან სწორი განცხადებები, რომ ძალადობა მიუღებელია, დასაგმობია და ამას არსად არ დავუშვებთ და ა.შ. ამის შემდეგ ჩვენ ეფექტური გამოძიება ვერ ვნახეთ.
ეს არჩევნები უნდა იყოს უნდა იყოს კონკურენციის, პოლიტიკის, დაპირებების, პროგრამების შედეგი. ამ ფონზე ძალიან მძიმედ ჩანს ამ ინციდენტის გამოუძიებლობა. ამ პასიურობით სერიოზული ზიანი მიადგება ევროპულ მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს სათავეში ჩაუდგეს ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას გააკონტროლებს, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე არ უფიქრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები