პროკურატურა თათუხაშვილის საქმის გარემოებებს ასაჯაროებს
პროკურატურა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებებს ასაჯაროებს. საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ის ვიდეომასალაც გაასაჯაროეს, სადაც შალვა თათუხაშვილი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს.
ამასთან, პროკურატურა მოუწოდებს ყველა მხარეს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებების და სიცრუის ტირაჟირებისგან. “კვირა” უცვლელად გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა გაესაჯაროებინა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები. აღნიშნულ საქმეზე ბოლო პერიოდში პროკურატურის მისამართით მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან. ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით მოახდინოს პროკურატურის დისკრედიტაცია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაეხმაროს ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში.
მიუხედავად იმისა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული და ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი, რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა გვამს, აჩვენებს მათი მიყენების ხერხს, ლოკალიზაციას და ხანდაზმულობას, როგორც ზემოთ განვაცხადეთ, აუცილებლად ჩავთვალეთ საზოგადოებას გავაცნოთ საქმის ახალი დეტალები. 2014 წლის 24 თებერვალს, შალვა თათუხაშვილს პროკურატურიდან ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი და განუმარტა, რომ ის მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ე.წ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, ვინაიდან იმ დროისთვის მას შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
იმავე დღეს, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან ერთად გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში. ის, რომ მოწმე თათუხაშვილი არ იმყოფებოდა მარტო და საკუთარი ნებით მივიდა თბილისის პროკურატურაში, დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა. ის რომ ჩვენება ადვოკატების თანდასწრებით იქნა მიღებული, დასტურდება ასევე ორივე ადვოკატისგან მიღებული ჩვენებით, რომელსაც სხვა მასალებთან ერთად წარმოგიდგენთ. დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე თათუხაშვილმა ადვოკატებთან ერთად, უვნებელმა დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, რაც დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალით. ამავე ფირზე ჩანს, რომ მოწმე თათუხაშვილს გარეთ ძმასთან და მეგობართან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა. ასევე, ფირზე ფიქსირდება ისიც, რომ თათუხაშვილი მივიდა ძმასთან და გააფრთხილა მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ მოწმე ჯდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაცვისთვის გამოყოფილ ოპერატიულ ავტომობილში და მიემართება კონსპირაციული ბინისკენ. ეს ფაქტიც, ისევე როგორც ყველაფერი ზემოთ ნათქვამი, აღბეჭდილია აქვე წარმოდგენილ ვიდეოფირზე და საგულისხმოა ისიც, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს, რომელთა თანდასწრებითაც ყველა მოქმედება განხორციელდა, არ გაუპროტესტებიათ. 25 თებერვალს, თათუხაშვილმა პირადი ნივთების აღების მიზნით, დაცვას მის საცხოვრებელ სახლში მიყვანა მოსთხოვა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მედიაში გავრცელდა მოწმე თათუხაშვილის მამის გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომ მისი შვილი პროკურატურას ჰყავდა გატაცებული და იყო დაკარგული, თუმცა ოჯახის არც ერთ წევრს შალვა თათუხაშვილის ძებნაზე სამართალდამცავი უწყებების დაინტერესების მიუხედავად, არ მიუმართავს.
18 მარტს, ისანი-სამგორის პოლიციაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბიდან შევიდა შეტყობინება, რომ ორი ნასვამი ახალგაზრდა არაადექვატურად იქცეოდა და პერსონალს აწუხებდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც ადგილზე მისულ რაიონულ პოლიციას დახვდა, სწორედ შალვა თათუხაშვილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მოწმე თათუხაშვილი მეგობარ და თანასოფლელ გიორგი.ა-სთან ერთად, ტაქსით გამთენიისას, 18 მარტს ღამის გასართობ დაწესებულებაში მივიდა, რასაც ახლომდებარე შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარკვია, რომ შალვა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული, ის დაუყოვნებლივ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირების საშუალებით დგინდება, რომ შალვა თათუხაშვილი გადაადგილდებოდა მარტო, ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის გარეშე. შენობის შიგნით დაფიქსირებულ ფირზე კი აღბეჭდილია ისიც, რომ მოწმე თათუხაშვილი ასევე მარტო მოძრაობდა პროკურატურის შენობაში და იმ დროისათვის და არც მანამდე მასზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდებოდა. ქალაქის პროკურატურაში მოწმე თათუხაშვილისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და დაკითხვა მოხდა. მან დაადასტურა 24 თებერვალს მიცემული ჩვენება და ასევე მისცა განმარტება, თუ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა გაუჩინარების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ეშინოდა ახალაიების ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი ანგარიშსწორების და იმალებოდა ტყეში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის პროკურატურის შენობის შიგნით განთავსებული ვიდეოთვალიდან ამოღებულ ფირზე ჩანს, რომ მოწმე საკუთარი ნებით და აბსოლუტურად უვნებელი ტოვებს შენობას და აქვე ისიც ჩანს, რომ გამომძიებელთან და პროკურორთან უკვე ახლო ურთიერთობაში მყოფი შალვა თათუხაშვილი, მის თანმხლებ პირებს გზასაც კი უთმობს და კარში პირველებს თავაზიანად ატარებს. ამ ფაქტს პროკურატურა იმის გამო აღნიშნავს ხაზგასმით, რომ ახალაიების ოჯახის წევრები და თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, თითქოს სწორედ ამ დღეს აწამეს აწგარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი, ვიდეოფირზე დაფიქსირებული ფაქტი კი საპირისპიროს ადასტურებს. მოწმის წამების შემთხვევაში შალვა თათუხაშვილი ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მითუმეტეს არ ექნებოდა ახლო და თავაზიანი ურთიერთობა გამომძიებლებთან. შენობიდან გამოსული შალვა თათუხაშვილი პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, რაც ასევე დასტურდება ქუჩის ვიდეოთვალებიდან უწყვეტ რეჟიმში ამოღებული ვიდეოფირით. თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურიდან ე.წ. სოკარის ბენზინგასამართ სადგურამდე იარა ფეხით, შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და ჟვანიას მოედანზე მივიდა. ამის შემდეგ მეუღლის ტელეფონიდან შალვა თათუხაშვილი დაუკავშირდა გამომძიებელ ძნელაშვილს და განუცხადა, რომ ახალი ტელეფონის აღებამდე მასთან დაკავშირებას პროკურატურა ამ ნომერზე შეძლებდა, მოგვიანებით თათუხაშვილი ურეკავს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელს ძმის ტელეფონიდან და იგივე შინაარსის ტექსტს ეუბნება. საგულისხმოა ის, რომ ოჯახის წევრები და ადვოკატები, ვინც შალვა თათუხაშვილის გაუჩინარების ამბავზე განცხადებებს აკეთებდნენ, შალვა თათუხაშვილის ოჯახში გამოჩენის შემდეგ აღარ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ ე.წ. გაუჩინარებული მოწმე გამოჩნდა. 20 მარტს, შალვა თათუხაშვილს ისევ ქუჩის ვიდეოთვალი აფიქსირებს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკვე ჩვენს მიერ ხსენებულ ღა