ვახტანგ რჩეულიშვილი: რეალურად ჩვენ ვართ კრიზისის და ომის მსხვერპლნი…

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, მობინადრეებთან პრობლემა წლებია გრძელდება და მათი ნაწილი, ე.წ. კარგი გადამხდელები, აბსოლუტურად მართალნი არიან.
„ასეთი კი მობინადრეების 30%-ია, ხოლო 70% ცუდი გადამხდელია, ვისაც დღეს კომპანიის მართებს. მათ საერთოდ არ უნდა მიიღონ ბინა, რადგან კარგი გადამხდელები დაღუპეს“, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი და აღნიშნავს, რომ მშენებლობების დასრულებას ცუდი გადამხდელების მიზეზით ვერ ასრულებს.
„მათ თვითნებურად შეწყვიტეს გადახდა. 2007 წელს პოლიტიკური კრიზისი იყო, 2008 -ში – ეკონომიკიური კრიზისი და ომი. 2007 წელს ოპოზიციის გამოსვლებს მოჰყვა ეკონომიკის 5%-იანი თვიური ვარდნა და ერთ წელიწადში შემონატანები კომპანიაში 80%-ით დაეცა. რეალურად ჩვენ ვართ კრიზისის და ომის მსხვერპლნი…
ჯერ იყო და წინა ხელისუფლებამ მოგვიგზავნა „დექსუსი“ და ჩემი ქონების ხელში ჩაგდება მოინდომეს. ზუსტად ასე იქცევა ეს მთავრობაც და მართმევს ქონებას. დღეს რაც ხდება, ეს არის ქონების გადანაწილება, რისთვისაც გაუბედურებულ ხალხს იყენებენ. 6 ათას კაცზე ლაპარაკობენ და სინამდვილეში, 500 დარჩა მხოლოდ. კიდევ 2000-ზე მეტი იმიტომ ვერ იფორმებს ქონებას, რომ პროკურატურას უდევს ყადაღა ჩვენს ობიექტებზე და სინამდვილეში, მოსახლეობას რომ ბინა არა აქვს, მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალია. საბუთებით დავამტკიცებ ამ ხელისუფლების დანაშაულს, რომ მილიონებს ხარჯავს ათასი რამის შეძენაში და 10 მილიონს, რომელიც მართებთ – ერთი მხრივ, ურჩ გადამხდელებს და, მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს – არ მაძლევენ. სააკაშვილმა ეს გააკეთა – 7 მილიონი მოგვცა და „მაგნოლია“ ამიტომ აშენდა. ფული რომ მოეცათ, 2 წლის წინ დასრულდებოდა პრობლემა“, – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები