სალომე ზურაბიშვილი: ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოოდ განიარაღებას

„ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა – თავისი ერთადერთი სერიოზულ ოპონენტის, ანუ სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოოდ განიარაღება“, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფაქტს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, თურქეთის მოვლენები – „ყველა ნიშნით წმინდა წყლის „თურქულ” მოვლენას წარმოადგენს“.
„თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება.
ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ – ამერიკას… სინამდვილეში კი, რაც მოხდა, ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდა წყლის “თურქულ” მოვლენას და თურქულმა ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა… ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა – თავისი ერთადერთი სერიოზული ოპონენტის, ანუ სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოოდ განიარაღება.
ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი: ახლად შერიგებულია რუსეთთან და, ამდენად, რუსეთის ინტერესში არ ზის, თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყანაში გააძლიეროს.
ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება, როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.
მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად, ოფიციალური ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვეოდეს… ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში, რამეთუ იმან დღეს გაიმარჯვა და რადგანაც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო, ვიდრე თურქეთის დემოკატიული ორიენტაცია…
საქართველოს ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტველობა, რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე, რომ არც ერთის და არც მეორის მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები