პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა

თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა ჩანიშნა. სხდომა 03:00 საათზე გაიმართება.
“უშიშროების საბჭოში ყველა მუდმივმოქმედი წევრი, ვინც კი თბილისშია, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბება. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, იმყოფებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რის გამოც ისინი სხდომაზე ყოფნას ვერ მოახერხებენ,” – განუცხადა „რუსთავი 2“-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს სამხედრო გადატრიალება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ასევე, უცხოური მედიის ცნობით, სამხედროებმა დაბომბეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, სადაც ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები