“თურქეთში მიმდინარე პროცესები პირდაპირი გამოწვევაა საქართველოსთვის”

ანალიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს. იგი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესების უკან აშშ-ში მცხოვრები ისლამისტი მოქადაგე ფეთჰულაჰ გიულენი დგას.

“არ ვიცი, დღეს რა ხდება თურქეთში, რამდენად გადატარიალების მცდელობაა ის, რაც გავრცელდა. წლების განმავლობაში, ათეულობით გენერალია დაჭერილი და გადატრიალების თემა პერმანენტულად აქტუალური ხდება ხოლმე.

ის, რომ საპრეზიდენტო ვერტიკალის გაძლიერების მცდელობა იქნებოდა, ვწერდი თურქეთში პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით მიძღვნილ ბლოგში.

13319896_1237801729571295_2795837410721272093_nარაა გამორიცხული, რომ გადატრიალების მცდელობა ზუსტად ამ ვერტიკალის გაძლიერების საპასუხოდ მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია ერდოღანის სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტისკენ გადაადგილების შესახებ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სამხედროების მიერ მთავრობის ხელმძღვანელების აყვანის თაობაზე. ერთ-ერთი არხი “ტრტ” სამხედროებმა დაიკავეს. სროლები იყო თურქეთის გენშტაბთან.

ყველასათვის ცნობილია, რომ ერდოღანის მთავრობას დიდი ხანია ებრძვის აშშ-ში მცხოვრები ისლამისტი მოქადაგე ფეთჰულაჰ გიულენი. რამდენად დგას გიულენი ამ მოვლენების უკან, უახლოეს ხანებში გავიგებთ.

თურქეთის პრეზიდენტის ტელემიმართვების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. იმედია, თურქეთში სტაბილურობა შენარჩუნდება. არ ვფიქრობ, რომ მოქმედი ხელისუფლების შერყევას შეძლებენ, რადგან ერდოღანმა გაკვეთილები გამოიტანა ადრინდელი მსგავსი მოვლენებისგან.

ახლახან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და დემოკრატიის დაცვისაკენ მოუწოდა.

თურქეთში მიმდინარე მოვლენები პირდაპირი გამოწვევაა საქართველოსთვის. გარდა იმისა, რომ თურქეთი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, იქ დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე იმყოფება.

აუცილებელია ძალოვანი უწყებების შეთანხმებული მოქმედებები და მაქსიმალური სიფხიზლე, ანალიზი, პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და აისახოს საქართველოზე. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი არმიის მზადყოფნას. ვწერ წლებია და იქნებ, დროა, თურქეთისა და საფრანგეთის მოვლენების ფონზე მეტი ყურადღება დაეთმოს არმიის პრობლემებს.

დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები ღამის განმავლობაში. დილამდე ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები