დავით დარახველიძე: რჩეულიშვილების ოჯახთან და „ცენტრ პოინტის“ შემოთავაზებასთან შეხება არ მქონია

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე მისი მინისტრობის პერიოდში კომპანია „ცენტრ პოინტთან“ მის „შემხებლობაზე“ განმარტებას აკეთებს.
დავით დარახველიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ცენტრ პოინტთან“ მისი ურთიერთობის იმ ნაწილზე გააკეთა განმარტება, რომელიც დევნილებისათვის „ცენტრ პოინტის“ მიერ საცხოვრებელი ბინების აშენების მცდელობას უკავშირდებოდა.
„მართალია, რომ ჩემი მინისტრობის დროს, რჩეულიშვილების ოჯახის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ „ცენტრ პოინტი“ დევნილებისთვის სახლებს ააშენებდა და ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო. მე არ მქონია არანაირი ურთიერთობა რჩეულიშვილების ოჯახთან იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრის ინტენსიური მცდელობა მათი მხრიდან იყო. ისინი ინტენსიურად ურთიერთობდნენ ჩემს მოადგილესთან. მოადგილე ჩემგან ითხოვდა, შევხვედროდი „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენელს, მაგრამ მე მათ არ შევხვდი. მიმაჩნდა, რომ დევნილების საკითხების გადაწყვეტაში გაკოტრებული, ან გაკოტრების პირას მყოფი სამშენებლო კომპანიების შემოყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან ფასებიდან და სხვა პირობებიდან გამომდინარე, წინა პლანზე გამოდიოდა კომპანიის და არა დევნილების ინტერესები“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
დავით დარახველიძე მიიჩნევს, რომ მისი მაშინდელი დამოკიდებულება სწორი იყო, თუმცა „ცენტრ პოინტის“ გარშემო ამჟამად მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმისგან თავს იკავებს.
„ჩემი შეფასებით, განვლილ პერიოდში, ბინების ბაზარზე დევნილებისთვის რა თანხებიც დაიხარჯა, იმ თანხებით მინიმუმ ორჯერ მეტი საცხოვრებელი ბინის აშენება შეიძლებოდა“, – თქვა ყოფილმა მინისტრმა.
დავით დარახველიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე 2012-1014 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები