დავით დარახველიძე საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნულ ფორუმთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე „ეროვნულ ფორუმთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
როგორც დარახველიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აპირებს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს 22-ე საარჩევნო ოლქში (მუხიანი-გლდანი), სადაც მას „ეროვნული ფორუმი“ წარადგენს.
„2006 წლის შემდეგ, ჩემთვის იდეოლოგიურად ყველაზე უფრო მისაღებ ძალასთან, -„ეროვნულ ფორუმთან“ ერთად ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძოდი. ვარ ამ პარტიის ყრილობის დამფუძნებელი და შემდეგ ყველა ყრილობის დელეგატი. 2012 წელს, ამ პარტიის ეგიდით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციიდან ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვისაც ვებრძოდი, მათგან ბევრი დღეს მოწინავე პოზიციებზეა ხელისუფლებაში. ამიტომ ჩემი მიზნებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
მისი თქმით, ამომრჩეველთან მისი მუშაობის პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი გამოწვევის, სიღატაკისა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარება იქნება.
„ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 12,04%-ია, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულია მილიონ 700 ათასი ადამიანი, ხოლო დაუსაქმებელია -250 ათასი. საერთაშორისო ნორმებით უმუშევრობის დონე თუ 10%-ის ფარგლებში ექცევა, ეს პრობლემა არ არის და ისე გამოდის, თითქოს საქარველოს მდგომარეობა ამ მონაცემებიდან ოდნავ არის გადაცილებული. საქმე იმაშია, რომ დასაქმებული ადამიანებად ითვლებიან ისინი, ვისაც ელემენტარული ბოსტანი აქვს, ან ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, რაც სტაბილური შემოსავლებით არ ხასიათდება და ისინი დასაქმებულად ითვლებიან. მათი რაოდენობა ქვეყანაში მილიონს შეადგენს. გამოდის, რომ თვითდასაქმებულთა და უმუშევართა ჯამი მილიონ 250 ათასია. შესაბამისად, ქვეყანაში ფაქტობრივი მოსახლეობის 63% ქვეყანაში დაუსაქმებელია“, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით დარახველიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსზტე 2012-2014 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები