ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა, – ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 13 ივლისიდან საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიების რეგისტრაციის პირობები ასე ჩამოყალიბდა:
”პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.
კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.
პარტია ვალდებულია, მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (12 აგვისტო)”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები