გიორგი მარგველაშვილი: ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის კიდევ ერთი გამოცდაა

„ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპულ გზაზე“ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე „დიალოგი პრეზიდენტთან“ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა.
ამასთანავე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის კიდევ ერთი გამოცდაა, რომელიც საქართველომ წარმატებით, დემოკრატიულად უნდა ჩაატაროს.
„ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კონფერენციის მიმდინარეობისას გიორგი მარგველაშვილმა კორცხელის ინციდენტზეც ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით.
„ორი დღის წინ მოვიკითხე კორცხელის ინციდენტის გამოძიება. ჩვენ ვისმენთ ძალიან სწორ განცხადებებს მაღალი რანგის პირებისგან, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ როდესაც წინა საარჩევნო პერიოდში ძალადობას აქვს ადგილი, უნდა მოხდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ პოლიტიკურ დებატებს რაღაც სხვა ზომები ჯობია, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. ჩვენ აღარ გვინდა კომენტარები, ჩვენ გვინდა ქმედებები. მეც და საზოგადოებაც ველით სწორ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები