ზვიად ძიძიგური: 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მაღალი დონის პარლამენტს ველოდებით

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი სახეების წარდგენით მთელ ქვეყანას დაანახვა, თუ რა მიმართულებით აპირებს ხელისუფლება ქვეყნის მართვას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო სიის შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა.
„ჰარვარდის დიპლომსა და მაღალი ხარისხის განათლებაზე მოვისმინე ქილიკი, თითქოს ქართულ განათლებას ხელი ვკარით. ქართული განათლების დონე ევროპული და ამერიკული განათლების დონემდე ასული ჯერჯერობით არ არის. ქვეყანაში რამდენიმე კვალიფიციური უმაღლესი სასწავლებლის არსებობა არ არის საკმარისი, რომ აქაური განათლების დონე თუნდაც ამერიკული განათლების დონეს გაუტოლდეს.
განათლება, რომელიც ახალ სახეებს მიღებული აქვთ, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ახალი სახეების წარმოჩენით „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაანახვა, თუ რა მიმართულებით აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობის კონტურები, რაც იკვეთება, არის ძალიან საინტერესო და მაღალი დონის პარლამენტს ველოდებით 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების სახეების მომავალს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ისინი მომავალში დაუფასებლები არ დარჩებიან.
„ისინი იყვნენ ნამდვილ ომში, რადგან ის არჩევნები კი არა, ბრძოლა წესების გარეშე იყო, სადაც სათითაო ადამიანმა თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თავიანთ ღირსეულ ადგილს დაიკავებენ პარლამენტში თუ მის გარეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. არავინ არავისზე ხაზის გადასმას არ აპირებს და ვინმეს შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის ადამიანზე უარის თქმას. ელემენტარულად საქართველოს ამის ფუფუნება არა აქვს“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები