ზვიად ძიძიგური: „კონსერვატორებს“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შიში არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება

“კონსერვატიულ პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება, მაგრამ „ქართული ოცნების“ საერთო სიაში ყოფნა სხვა უხერხულობის გამო გადაწყვიტა. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ ერთიანი სიით მონაწილეობის გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
„ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო მარტივი ლოგიკით, რომ 4 წლის განმავლობაში აქტიური მონაწილე ვიყავით ყველა იმ რეფორმის, რომელიც გატარდა ამ ქვეყანაში. ასევე ვიყავით ყველა აქტივობისა და გადაწყვეტილების თანამონაწილენი და არ ვაპირებთ ამ ხნის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაკეთებული საქმეების კრიტიკას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი განმარტებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება აუცილებლად გულისხმობს გარკვეული დოზით ხელისუფლების ოპონირებას, რადგან სხვაგვარად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია ვერ მიიღებს ამომრჩეველთა იმ რაოდენობას, რამდენიც საჭიროა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „კონსერვატორების“ წინაშე 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არც ახლა და არც მომავალში არ დგას, რადგან ამ პარტიას ყველა რაიონსა და ოლქში ძლიერი პარტიული სტრუქტურები აქვს.
„ყველა რაიონსა და ოლქში ჩვენი აქტიური ორგანიზაცია გვყავს, ასევე- კომისიების წევრი 4 ათასი კაცი, არჩევნების დღეს ხელფასიანი წარმომადგენლების სახით გვემატება კიდევ 4 ათასი კაცი, გვაქვს ფრაქცია 76 მუნიციპალიტეტში, 90-მდე მაღალი თანამდებობის პირი ადგილებზე და ის 75 -80 ათასი ხმა, რომელიც საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადასალახად, სავსებით რეალურად გაგვაჩნია. ამ ტიპის შიში ჩვენს პარტიას არ ჰქონია, გვქონდა სხვაგვარი პოლიტიკური უხერხულობები“, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები