ვიქტორ დოლიძე “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის მიერ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სუს-ის მხრიდან მათ მაჟორიტარებზე ზეწოლა ხორციელდება, პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძე ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც „კვირას“ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, მათ კომისართან გამართულ შეხვედრაზე კონკრეტულ მაჟორიტარებზე ზეწოლის ფაქტებზე არ უსაუბრიათ. მისი თქმით, მათ ევროკომისარს ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო პერიოდში ქცევის კოდექსის არსებობის აუცილებლობაზე და ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად დასრულებაზე.
რაც შეეხება, “თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის მიერ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის ევროკომისარისთვის მათი მაჟორიტარების მიმართ სუს-ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე აპირებდა ინფორმაციის მიწოდებას, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ის ამის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
“ბუკა პეტრიაშვილის განცხადების კონკრეტული დეტალები მე არ ვიცი, რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვისაუბრებ. მაჟორიტარებზე კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციას მე არ ვფლობ, ეს ალბათ თავად ბუკას უნდა ჰკითხოთ. შეხვედრის შემდეგ ალბათ გააკეთებს განცხადებს. შეხვედრაზე, ზოგადად, საუბარი შეეხო საარჩევნო ველს, შეხვედრა იყო მრავლისმომცველი. ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს შეეხება, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკეთესი წინასაარჩევნო კოდექსი ესაჭიროება ქვეყანას, ვისაუბრეთ უვიზო მიმოსვლის მონიჭების დროულად დასრულებაზე. მან გვითხრა, რომ ჩვენ წლის განმავლობაში აუცილებლად მოგვანიჭებენ ვიზალიბერალიზაციას. ვისაუბრეთ საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაზე, სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე მასმედიის პლურალიზმის აუცილებლობაზე და ყველა თემას შევეხეთ, ევროკომისარი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
„კვირა“ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დაწყებამდე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლას ახდენს. მას არ დაუსახელებია მაჟორიტარი დეპუტატობის კონკრეტული კანდიდატები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ფაქტებზე იოჰანეს ჰანთან ისაუბრებდა.
“ვისაუბრებთ აუცილებლად, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, პირადად ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ის ცდილობს, დააშანტაჟოს ჩვენი კანდიდატები,” – აცხადებდა პეტრიაშვილი.
“თავისუფალ დემოკრატებსა“ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები