დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა, რომელიც მონაწილეობას იღებს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა.“
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და ავსტრიის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში არად ბენკო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავსტრიის მიერ საქართველოში საელჩოს გახსნა და მუდმივმოქმედი დიპლომატიური კორპუსი. მხარეებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა ავსტრია-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში და აღინიშნა ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ავსტრია ახორციელებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხში ავსტრია მხარდამჭერი ქვეყანაა. ამჟამად ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და სხვა სფეროებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე თანამშრომლობაზე სამთო ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილება ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოში ბიზნესგარემოს ხელშეწყობა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარებასა და ამ მხრივ, საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ კუთხით კერძო სექტორის დაინტერესება საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით შეიძლება საინტერესო იყოს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ბაზრებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები