აშშ-ის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.
დოკუმენტის პროექტის ტექსტი კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ძალის გამოყენებით განხორციელდა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ კონგრესის წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებებს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გმობს ყველა ქმედებას, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული, ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მოსკოვს, რომ მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.
წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს შეერთებული შტატების მთავრობას, აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კონგრესმენები საჭიროდ მიიჩნევენ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. წარმომადგენელთა პალატის წევრები ადასტურებენ, რომ თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესებში შედის. ეს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნება უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები