კობა დავითაშვილი: ამ საქმის საბოლოო შედეგი მაშინ იქნება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაიჭერენ

პარლამენტის დეპუტატი კობა დავითაშვილი პროკურატურის მიერ 2007 წელს მისი ცემის ფაქტის გახსნას ეხმაურება.
როგორც „კვირასთან“ „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა აღნიშნა, იგი მიესალმება პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. მისი განცხადებით, ამ საქმის საბოლოო შედეგი მაშინ იქნება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაიჭერენ.
„მივესალმები პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და დღევანდელ განცხადებას. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ თუ პროკურატურა ზურაბ ადეიშვილთან საპროცესო გარიგებას გააფორმებს და იგი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა, ამ საქმის საბოლოო შედეგი იქნება მაშინ, როდესაც გამოძიება მიხეილ სააკაშვილამდე მივა და დაიჭერს. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამას, მაგრამ საბოლოო შედეგი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას კობა დავითაშვილი.
კითხვაზე, ითხოვს თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ნათელმირონობა აკავშირებს, კობა დავითაშვილი დასძენს:
„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა, ამას არასდროს შეუშლია ხელი მისთვის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის და მე რატომ არ უნდა მოვითხოვო, მისი დაპატიმრება?“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2007 წლის 07 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა.
პროკურორ კოკა კაციტაძის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით. აღნიშნულ საქმეზე, დღეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები