„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში“

საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ადგილი ნატოს აქტიური წევრების რიგშია. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
“ამა წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია, რომ კონკურენცია უკომპრომისო იქნება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თავისუფალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და ამ წარმატებულ ციკლს დააგვირგვინებს მომავალი საპარლამენტო არჩევნები”, -აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლზე რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.
“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მდგომარეობა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ორივე რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, რის გამოც ის ვერ ახორციელებს თავის მანდატს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მომავალშიც არ დაიშურებს ძალ-ღონეს, რათა აღადგინოს ნდობა, ხელი შევუწყოს შერიგების პროცესს და ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების ერთ ქვეყანად გაერთიანებას. გამოსვლის დასასრულს პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს ევროპის მომავლის შესახებ მოსაზრებები გააცნო.
“აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის; თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა; ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა”,-აღნიშნა პრემიერმა.
მე-13 საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერიმ.
კონფერენციის გახსნას დაესწრნენ: ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები