ბათუმი ხვალ ევროინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
ბათუმი ხვალ რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნებას” უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან.
კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.