დავით თევზაძე: მოკლევადიანი თავდაცვის მინისტრი იქნება „ფიშკა“, რომელსაც არჩევნების შემდეგ გადადებენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის მოკლევადიანი კანდიდატურა, ვინც არ უნდა იყოს, „იქნება „ფიშკა“, რომელსაც ჯერ დადებენ და არჩევნების შემდეგ – გადადებენ“.
როგორც დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგადად და, მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრის მოკლევადიანი პერიოდებით ცვლა ძალიან ცუდია თავად ამ უწყებისთვის. „ ბოლო წლებში მინისტრებად ინიშნებიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ უწყებაზე, სადაც მიდიან და ვიდრე გაერკვევიან, ამ პერიოდში იწყებენ ცვლილებებს, რათა თავიანთი პოლიტიკური აქტივობა საჯარო გახადონ. ამასობაში უწყებას ცუდ დღეში აგდებენ. სწორედ ასეთი პრაქტიკის გამო, თავდაცვის მინისტრის პოსტი არ ნიშნავს არაფრის გარანტიას იმ პიროვნებისთვის, ვინც ამ თანამდებობას იბარებს. არც მგონია, რომ ნებისმიერი გარანტია რამედ ღირდეს. გაიხსენეთ, ბოლო პერიოდში რამდენი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა“, – განაცხადა დავით თევზაძემ. მისივე თქმით, კარგია, რომ გენერალურ შტაბს ეს არ შეეხო, რადგან მისი დანიშვნის ვადებს კანონი არეგულირებს. „კიდევ კარგი, კანონი არეგულირებს, რომ გენერალური შტაბის უფროსი ვადიანია. გენერალ კაპანაძეს ვადა ნოემბერში ეწურება. რეალურად თუკი პრემიერი ემზადება, რომ მომავალ მთავრობაშიც იყოს პრემიერი, მან სერიოზულად უნდა იფიქროს იმ კანდიდატურაზე, რომელიც შეცვლის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს“, – თქვა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები