ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მიიღებს მიზნობრივ გრანტს 40 000 ევროს ოდენობით

2016-2018 წლის არჩევნების მხარდასაჭერად ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.
ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს 40 000 ევროს ოდენობით, რომელიც ცესკოს პროექტის ”საარჩევნო განვითარების სკოლის” განხორციელებას მოხმარდება.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ევროსაბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებასაც ითვალისწინებს. ამასთან, პრიორიტეტებს შორის არის პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა, ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში, აგრეთვე მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით რეგიონული მედიისთვის დახმარების გაწევის საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები