ბათუ ქუთელია: პირველად ნატოს დღის წესრიგში რუსეთი დაფიქსირდა, როგორც საფრთხე და მთავარი გამოწვევა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელიას შეფასებით, ვარშავის სამიტი თავისი მნიშვნელობით იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების გარემოს გადაფასების კუთხით.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდგომი პროცესი ევროპის უსაფრთხოების ჩამოყალიბების კუთხით სხვა მიმართულებით წავა, ვიდრე აქამდე ამის მცდელობა იყო.
„ვარშავის სამიტზე ძალიან მკაფიოდ და ღიად დაფიქსირდა მთავარი საფრთხე, რაც დღეს ევროპულ უსაფრთხოებას და ევროპულ სამყაროს ემუქრება, ეს არის რუსეთის ფედერაცია. პირველად, ნატოს დღის წესრიგში რუსეთი დაფიქსირდა, როგორც საფრთხე და მთავარი გამოწვევა. რა კონტექსტშიც რუსეთი მოხსენიებულია ვარშავის სამიტის კომუნიკეში, არის ძალიან საინტერესო. ეს არის მაჩვენებელი გლობალური კონტექსტისა და ამიტომ ეს დოკუმენტი საქართველოსთვისაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტული ჩანაწერი.
კომუნიკეს მე-5 პუნქტში არის ფრაზა, რომ რუსეთი იყენებს ძალას და დაშინების მეთოდს, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ცალკე ასეთი ტიპის დახასიათება ტერორისტულ ორგანიზაციებს ეკუთვნის, ან ტერორისტ სახელმწიფოებს. ზუსტად იმავე აბზაცში, სადაც რუსეთზეა საუბარი, საუბარია ასევე ისლამურ სახელმწიფოზე, როგორც ტერორიზმის მთავარ წყაროზე. აქედან გამომდინარე, ზოგადად ამ პრობლემისადმი მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა, რასაც, სავარაუდოდ, იმ საფრთხეებისა და რისკების გადაფასება მოჰყვება, რაც რუსეთისგან მომდინარეობს“, -განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მისივე შეფასებით, ვარშავის სამიტის შემდგომი გადაწყვეტილებები, რაც ასევე კომუნიკეშია ასახული, მიმართულია ზუსტად იმ ზომებზე, როგორ უნდა განეიტრალდეს ეს საფრთხეები.
„სამხედრო კომპონენტის გაძლიერება, სამხედრო ხარჯების გაზრდა, სამხედრო შესაძლებლობების მობილიზება რუსეთის საზღვართან, როგორც შემაკავებელი ფაქტორი. ამ შემთხვევაში, გარკვეულ წილად დაბრუნდა „ცივი ომის“ დროინდელი ტერმინოლოგია, მაგრამ ეს ის რეალობაა, რის წინაშეც ცივილიზებული სამყარო აღმოჩნდა“, – აღნიშნა ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები