“აფხაზები და ოსები დავარწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობის გზას მიზნის მიღწევის საშუალებად არ აღიარებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ვარშავის სამიტის კომუნიკე ცალსახად ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ არის მიმართული.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავად ის გადაწყვეტილება, რომ პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, ასევე შავი ზღვის რეგიონში მიღებული იქნება დამატებითი, მათ შორის, სამხედრო ხაზის ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეალურად ზრუნავს მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე.
„ვარშავის სამიტის გადაწყვეტილება ქმედითია თავისი შინაარსით და ის ამტკიცებს აღნიშნული ქვეყნების უსაფრთხოებას. ვფიქრობ, გზავნილები, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი კიდევ უფრო მყარდება. ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში და თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის უფლების მემორანდუმით განმტკიცება ადასტურებს ნატოს წამყვანი ქვეყნის პოზიციას საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით.
საქართველო დაინტერესებულია თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით.
მოგეხსენებათ, სომხეთს და აზერბაიჯანს გააჩნია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და საქართველოსაც სჭირდება იგივე სისტემა, ისევე როგორც სხვა სისტემები, რომელიც უფრო დაცულს გახდის ქვეყნის დედაქალაქს, როგორც დღეს არის ბაქო და ერევანი“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტარი ასევე დადებითად აფასებს ამერიკელი ექსპერტების მოწოდებას, დასავლური პოლიტიკის უფრო ქმედით პოლიტიკად გადაქცევისკენ.
„დღეს ფაქტობრივად, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ხალხი არის არსებული ოკუპირებული რეჟიმების მძევალი. მათ სხვა არჩევანის საშუალება არა აქვთ, არსებულ რეჟიმთან თანამშრომლობის გარდა. ჩვენ შევძელით, რომ ამ წლებში გაგვექარწყლებინა ძალადობით და ომით პრობლემების გადაჭრის ალბათობა. აფხაზები და ოსები დავარწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობის გზას მიზნის მიღწევის საშუალებად არ აღიარებს. საოკუპაციო რეჟიმი ხელს გვიშლის უფრო შორს წასვლაში, ეს იქნება ჰუმანიტარული თუ სხვა ტიპის ურთიერთობები. ვფიქრობ, დღევანდელი პოლიტიკა გრძელვადიანი თვალსაზრისით არის სწორი, დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ნორმალური ურთიერთობები აქვს ყველასთან, გარდა ოკუპანტი ქვეყნისა“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები