თინა ხიდაშელი: შემიძლია, დღესვე წავიდე, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

არასდროს მითქვამს, რომ ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნის ნიშნული ვარშავის სამიტი იყო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.
„სტოლტენბერგმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ბრიუსელი (ვინაიდან მომავალი ნატოს სამიტი იქ იმართება ორი წლის შემდეგ) იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს და მეც ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს. დღეიდან, ჩვენ უკვე ახალი საათი უნდა ჩავრთოთ ორი წლის შემდეგი სამიტის მოსამზადებლად. მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, სადაც ყველაზე უფრო უკეთესად გამომდის, სადაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. ამ მთავრობას ჰყავს ხელმძღვანელი, და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, თვლის თუ არა, რომ მე, როგორც მინისტრი, ვარშავის სამიტზე, სამიტამდე, თუ სამიტის შემდეგ, საჭირო ვარ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ “ოცნების ხელისუფლებასთან” ითანამშრომლოს, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არ არის “ოცნების ხელისუფლება”. მისი თქმით, ევროპაში არ ხდება ისე, რომ არჩევნების წინ, მინისტრები გადადგებიან მხოლოდ იმის გამო, რომ სხვადასხვა პარტიაში არიან.
“ეს არის ორპარტიული მთავრობა ისე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ევროპაში ვერ ნახავთ, რომ არჩევნების წინ, მინისტრები გადადგებიან ხოლმე, რადგან სხვადასხვა პარტიაში არიან. ამიტომ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები იქცევიან. თუმცა ეს ყველას პირადი, თუ პოლიტიკური არჩევანია. ეს არჩევანი, პირველ რიგში, პრემიერის გასაკეთებელია. შემიძლია, დღესვე წავიდე, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რა მოხდება 8 ოქტომბრის შემდეგ. მთავარია, ქართველი ამომრჩეველი რა ადგილს მიუჩენს პრორუსულ ძალებს ქვეყანაში და რა დოზით დატოვებს დასავლური ორიენტაციის ძალებს ხელისუფლებაში. თუ ეს ქვეყანა დარჩება ევროპულ გზაზე, დავბრუნდები თავდაცვის სამინისტროში, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები