ზაქარია ქუცნაშვილი: მაია რჩეულიშვილს ახლოს ვიცნობ, ირაკლი მინდელი ჩემი მეგობარია

”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის, ირაკლი მინდელისა და გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის დაკავების ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რადგან მისი მოსაზრებები ამ დროისთვის სუბიექტივიზმისგან დაცლილი არ იქნება.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი მინდელი მისი მეგობარია და ახლოს იცნობს მაია რჩეულიშვილს, თუმცა მათთვის წაყენებული ბრალის შინაარსი, ამ დროისთვის მისთვის უცნობია.
„მე ამ საკითხთან მიმართებაში სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და არ ვიცი, ჩემი შეფასება რამდენად დაცლილი იქნება სუბიექტივიზმისგან, რადგან ირაკლი მინდელი ჩემი მეგობარია, მაია რჩეულიშვილს ახლოს ვიცნობ. ჯერ უნდა გავიგოთ, ბრალად რას უყენებენ, თავად ადვოკატი უნდა გაეცნოს ბრალის შინაარსს და კომენტარები მერე გავაკეთოთ. მე, როგორც მათი მეგობარი, თუ საჭიროა, მზად ვარ, საქმის მასალებს გავეცნო. პარლამენტის წევრები შეზღუდულები ვართ და საპროცესო უფლება არა გვაქვს, გავეცნოთ საქმის მასალებს, მაგრამ, როგორც მეგობარს, გული შემტკივა არათუ ირაკლი მინდელის, არამედ ნებისმიერი მოქალაქის დაკავებაზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები არ მემეტება, თუნდაც ძალადობისგან დაცლილი ციხეებისთვის“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას დღეს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები