თინა ხიდაშელი: ვარშავაში ნატომ მისთვის სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა

არასწორი კითხვაა: გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, – ასე უპასუხა ერთ-ერთმა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს – გადასაწყვეტია მხოლოდ – როდის. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს, სადაც ვარშავის სამიტის შედეგებს აფასებს:
„გუშინ ვარშავის სამიტი დასრულდა. ჩემი ქვეყნის 20% ისევ ოკუპირებულია, რუსული დროშები ალბათ, ისევ შემოფრინდებიან და გაფრინდებიან, როგორც მანამდე, გიგა ოთხოზორიას მკვლელი კვლავ დაუსჯელია, ბანერების წინ და უკან თრევის, სრულიად გაუგებარი პოლიტიკა ისევ გაგრძელდება, საქართველოს ისევ არ ჰყავს საზღვაო ფლოტი, არც ჩვენი სამხედრო ავიაციაა საუკეთესო ნატოს სტანდარტების მდგომარეობაში. ეს ყველაფერი სიმართლეა და ალბათ შეიძლება კიდევ უფრო გრძელი ჩამონათვალის მოფიქრება. აქ გავჩერდები. ალბათ გასაგებია. ამასობაში, იმ ერთი კარგი ქართული ნაწარმოების არ იყოს: “აბა, შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო”, იტყოდა ადამიანი ჩემზე ამ ორი დღის ეთერების შემყურე.
და, მართლაც, რა მიხარია? რატომ მგონია, რომ ვარშავის სამიტი ისტორიულია ყველასთვის და არა მხოლოდ ლიტვისთვის, სადაც ნატოს ბატალიონი განთავსდება ან მონტენეგროსთვის, რომელიც წევრი გახდება, არამედ ჩვენთვის, საქართველოსთვისაც?
1. 8 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში, ნატო რუსეთთან ჩვეულებრივი საქმიანობის რეჟიმში გადავიდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, ოკუპაცია მოგვეჩვენა, მსხვერპლიც ილუზორული იყო და რუსული ჩექმის ქვეშ გათელილი საერთაშორისო სამართალიც ისევ მოქმედებდა. პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გავცდით მაშინ. 2. 6 წლის შემდეგ, რუსეთმა ჯარები კიდევ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანა და ყირიმის ანექსია მოახდინა. დაიმედებულმა, წახალისებულმა, რომ დასავლეთს სიბრაზე ისევ მალე გადაუვლიდა და ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდებოდა. 3. უფრო მეტიც, სულ მალე აღმოსავლეთ უკრაინას შეუტია და მისი სრული ოკუპაციის მცდელობა ჰქონდა. 4. 2 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთში რუსეთისადმი დამოკიდებულების სრული გადაფასება მოხდება, შემდეგ ეს გადაფასება პოლიტიკური განცხადებებიდან სანქციებად გადაითარგმნებოდა და ბოლოს ნატო, ყირიმის ანექსიიდან 2 წლის თავზე რუსეთს მისი უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად დაასახელებდა და შესაბამის მოქმედებას დაიწყებდა. 5. ვარშავაში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, თუმცა აქ ჩემი ამოცანა ძალიან გრძელი კომუნიკეს შეჯამება არ არის, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედ, გამოწვევად, პრობლემად არის მოხსენიებული, სადაც მისგან პირდაპირ ითხოვენ ანექსიისა და ოკუპაციის შეჩერებას, აღიარებების უარყოფას და სხვა.
მე ქართველი ვარ და, ბუნებრივია, მჯერა, რომ 8 წლის წინ უნდა ყოფილიყო გამოღვიძება, საფრთხის ბოლომდე დანახვა, გაანალიზება, მასზე რეაგირება, მოკავშირეების გაძლიერება და ნატოს მხრიდან, მეტი სიძლიერის დემონსტრირება. სწორედ საქართველოს ოკუპაციისთვის უნდა დასჯილიყო რუსეთი სანქციებით, სწორედ საქართველოს ოკუპაცია უნდა ყოფილიყო დიდი გამოფხიზლება. შეიძლება გაბრაზებული ვიყოთ, იმედგაცრუებულიც, მოთმინება გვღალატობდეს და ჩვენს რიტორიკაში ცინიზმი გავამრავლოთ. სრულიად ლეგიტიმური იქნება. მაგრამ ასევე, შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. ზუსტად ისე, როგორც 2 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა პოლონეთში ნატოს ბატალიონები, ან შავ ზღვაზე ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, დღეს ასეთივე შორეული ჩანს საქართველოს წევრობა. თუმცა ბევრი რამ მოხდა. გარდაუვალი აუცილებლად მოხდება. ამის დასტურია ვარშავა“, – წერს თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები