მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის

სამეგრელოში, მარტვილში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, პირველ რიგში უნდა დაიწყოს შიდა გზების რეაბილიტაცია, ზარალის დათვლა გაგრძელდება და დეტალურად აღიწერება ყველა ნიუანსი.
“პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ხიდების აღდგენა, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. დავიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციას, ზარალის დათვლა გაგრძელდება და დეტალურად აღიწერება ყველა ნიუანსი. მე დღეს პირადად ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ სტიქიამ დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ამ ადამიანებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ”, – განაცხადა სხდომაზე გუბერნატორმა.
ლევან შონიამ გაწეული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს.
საგანგებო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შედიან.
გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც, ჯამში, 180-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები