დაარღვია თუ არა treveler.ge-მ სალაშქრო პირობები და რატომ უჩივის მას ტურისტთა ნაწილი
ტურისტულ კომპანია treveler.ge-ს ტურისტთა ნაწილი უპასუხისმგებლობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფო გველესიანი ერთ-ერთია, ვინც ფასდაკლებების საიტ swoop.ge-ზე აბუდელაურის ტბებზე გასამგზავრებლად კომპანიის 50- პროცენტიანი ფასდაკლების კუპონი შეიძინა.
„კვირასთან“ საუბრისას გველესიანი 4 ივლისს აბუდელაურის ტბებზე გამართულ ტურს არაორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა მარშრუტის სირთულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. მისივე თქმით, ტურისტები ცალ-ცალკე დადიოდნენ და მათ ჯგუფის შეგროვება ვერ მოახერხეს.
„პირველად წავედი ტურში და თუ ოდესმე მომინდება ლაშქრობაში წასვლა, არ მგონია. თუ მომინდება, არასოდეს წავალ კომპანია Treveler.ge-ს ტურით. უპასუხისმგებლოები არიან. ასე ხალხის მიტოვება არ შეიძლება. არც ჩამკეტი გვყავდა და არც გიდი. თვალით არ მინახავს არცერთი. ყველა თავისთვის დადიოდა. მათ ვერ მოახერხეს ჯგუფის შეკვრა და ტურის ხელმძღვანელობა.
თავიდანვე დაბნეულები და არაორგანიზებულები იყვნენ. თბილისიდან დილის 6 საათზე უნდა გავსულიყავით და 9-ის ნახევარზე ძლივს გავედით. როშკის გადასახვევთან ჩამოგვსვეს, საიდანაც სოფლამდე 12 კილომეტრი ვიარეთ, არადა როდესაც ვიკითხე რამდენი იყო გასავლელი მანძილი, 8 კილომეტრიო მითხრეს. მობილურზე კილომეტრის ამთვლელი დავაყენე და მათ მიერ დასახელებულ ციფრზე ბევრად მეტი აითვალა.
ჩვენ ვიცოდით, რომ სოფლამდე მიგვიყვანდნენ და ამის შემდეგ გასავლელი მხოლოდ 8 კილომეტრი გვექნებოდა, თუმცა 12 კილომეტრი გავიარეთ. ხალხი მხოლოდ ამ 8 კილომეტრის გასავლელად იყო მზად და არავინ იცოდა, რომ სოფლამდე სამარშურტო ტაქსი არ აიყვანდა. სოფლამდე რომ ასულიყო, ხალხი ასე არ დაიღლებოდა.
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გიდი პირველად იყო ტურში. მას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია გზებზე. როდესაც სოფლის გზას გავდიოდით, ჭაობი უნდა გადაგველახა, საშინელებები გამოვიარეთ. ზოგს ფეხსაცმელი ჩარჩა, ზოგს – ნივთები. სხვა ტურის გიდები გვერდს გვივლიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თურმე არსებობს გზა, საიდანაც ჭაობს გვერდს ავუვლიდით, თუმცა ამ დროს ჩვენთან არც გიდი და არც გამყოლი არ იმყოფებოდა.
ლაშქრობის პრინციპი ძალიან კარგად ვიცი. იკრიბება ჯგუფი, წინ გამყოლი მიდის და ბოლოს, ჩამკეტი, თუმცა ადამიანები ცალ-ცალკე დადიოდნენ და არავითარი ჯგუფი არ არსებობდა. იმ გზას, რომელსაც ჩვენ ფეხით გავდიოდით, სხვა კომპანიის ტურის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსებით გადიოდნენ. სოფლამდე ჩვენ 12 კილომეტრი არ უნდა გვევლო. ადამიანების ნაწილიც მოუმზადებელი აღმოჩნდა ამხელა მანძილისთვის. დამტვრეულები, სველები დავბრუნდით. ძალიან ბევრი დაშავდა. წვიმამაც მოგვისწრო. ამინდის შესახებაც კი არავის არაფერი უთქვამს.
ჩვენ მათ უნდა გავეფრთხილებინეთ, რომ, ჯამში, ფეხით სასიარულო 34 კილომეტრი იქნებოდა. გიდმა თვითონ არ იცოდა, რამდენი კილომეტრი იყო მთლიანობაში გასასვლელი. იყო გზები, სადაც გადასავარდნი იყო. მოკლედ, დავფარეთ სოფლის გზაც და გიდი რომ ვერსად ვნახეთ, სამი გოგო უკან დავბრუნდით. სხვა გზით წამოვედით და გზა აგვებნა. ამასობაში დაღამდა და მობილურებიც დაგვიჯდა. შუქი არსაიდან მოდიოდა. გიდი რომ ჩვენთან ყოფილიყო, შესაბამისი აღჭურვილობა ექნებოდა და უკან დაბრუნება ასე არ გაგვიჭირდებოდა.
ერთგან გადასავარდნი სადაც იყო, მეგობარს ფეხი დაუცურდა და საკუთარი ძალებით ამოვიყვანეთ. როგორც იქნა, ჩავედით. ზევით უამრავი ადამიანი იყო დარჩენილი, ვისაც უკან დაბრუნება ფიზიკურად აღარ შეეძლო. ამ დროს კი კომპანიის წარმომადგენლები მათ გვერდით არ ყოფილან. ერთ-ერთი მხოლოდ თანხის აკრეფის დროს გამოჩნდა.
გზაში მეგობარმა ადგილობრივი გაიცნო, რომელსაც ჯიპის მარკის ავტომობილი ჰყავდა. ჩვენი სახსრებით გადავუხადეთ. შუა გზაში ვიპოვეთ გიდი. სამარშრუტო ტაქსებისთვის თანხის გადახდა და სოფლის გზაზე დარჩენილი მგზავრების უკან ჩამოყვანა მოვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ ერთხიდიანი სამარშრუტო ტაქსები ჰყავდათ დაქირავებული, რომლებიც იმ გზაზე ასვლაზე უარს ამბობდნენ. სულ მცირე ტრანსპორტს ორი საბურავი უნდა ჰქონოდა იმ გზაზე, რომ არ ამობრუნებულიყო.
მრავალი უცხოელი ტურისტი იყო, რომლებიც უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ. ავტომობილმა, რომელიც ჩვენი სახსრებით დავიქირავეთ, ბავშვების ჩამოსაყვანად 6 რეისი გააკეთა და მგზავრებს გზადაგზა კრეფდა. ამ დროს კი გიდი სად იყო, არავინ იცის. ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ სრულიად უცოდინრებს სიბნელეში რაიმე დაგვმართნოდა.
გიდი უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მიჰყვება. ვინ იყო პასუხისმგებელი, აბდა-უბდა დადიოდნენ ბავშვები. ტური იყო სრულიად არაორგანიზებული. თუ ოდესმე ლაშქრობის სურვილი გამიჩნდა, ვეცდები, ყველაზე სანდო ტურისტული კომპანია მოვძებნო და დარწმუნებული ვიყო, რომ გიდი ელემენტარულად ფიზიკურად არის მზად იმისთვის, რომ ტურს უხელმძღვანელოს. ასეთი ძნელი არ იქნებოდა, ნორმალური გიდი რომ გვყოლოდა და გაერთიანებულები ვყოფილიყავით“,-აცხადებს გველესიანი და ტურისტებს კომპანიის მიერ დაგეგმილ ტურებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს კომპანია Treveler.ge -ს წარმომადგენელს, 4 ივლისის ტურის ე. წ. გამყოლს, შალვა ბოლათაშვილს. იგი ტურისტთა ნაწილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩენილა.
„ბევრმა ადამიანმა გზა ვერ გააგრძელა და სოფლის გზაზე ჩარჩა. ჩვენთან მიმართებაში მათაც აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ვივლითო, მაგრამ ვერ იარეს. როდესაც ტურს ვნიშნავთ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ უნდა იარონ. ის ადამიანები, ვინც უპრობლემოდ დადიოდა, გაჩერებას აპროტესტებდა და წინ მიდიოდა. ადამიანი, რომელიც ამბობს, ვივლიო, პასუხისმგებლობას იღებს. ტესტირებას ვერ ჩავუტარებთ.
აქეთ- იქით დავრბოდი, 50 კილომეტრი დავფარე, იმდენი ვირბინე. ეს არაა რთული მანძილი გასავლელად. ეს არის საშუალო სირთულის გზა. ყველას თანაბარ ყურადღებას ვაქცევდით. ყურადღებას არ გვაქცევდნენო, რომ ამბობენ, არ ვიცი, რას ნიშნავს. შეთანხმება ჩვენი პროგრამის მიხედვით ასეთი იყო: როშკის ასახვევთან ჩერდებოდა „მარშრუტკები“, რადგან გზა იყო ახალი გაწმენდილი და მოცურების საშიშროება იყო. არ გავრისკეთ. ასე ვუთხარით წინასწარ. ყველამ თქვა, რომ ვივლითო, მაგრამ როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედით, აბსოლუტურად შეუფერებლად ეცვათ. სად კეტები, სად ლაშქრობა. ლაშქრობის მონახაზი გვიდევს სალაშქრო პირობებში. პრეტენზია იმის შესახებ, რომ ჩვენ მათთან არ ვიყავით, სიმართლე არაა. მათთან მუდმივ კავშირზე ვიყავი. ის დრო, რაც განსაზღვრული გვქონდა, გაიწელა, ამ პრობლემის გამო. ღამის 1 საათისთვის უნდა ჩამოვსულიყავით და ჩამოვედით 3-სთვის. მე თვითონ ვიქირავე ჯიპი და ვისაც სიარული უჭირდა, სამარშრუტო ტაქსამდე ჩამოვიყვანე.
ყველას ჰქონდა ინფორმაცია გასავლელი მანძილის შესახებ. როდესაც ადამიანებმა ვერ იარეს და ჩამორჩნენ, ჩვენ უზრუნველვყავით მათი ჩამოყვანა „მარშრუტკებამდე“. არანაირი ვალდებულებულება არ გაგვაჩნდა ამის. მათ თავიანთი ხარჯებით უნდა ექირავებინათ და ჩამოსულიყვნენ. ეს ასეა ყველგან. თუ ჩამორჩი, შენი პრობლემაა და არა ჩემი. ჩემი ვალდებულებაა, გავყვე – გამოვყვე და არა ის, რომ დავუქირავო მანქანა. ვინც შეფერხდა, უყურადღებოდ არავინ დარჩენილა. როშკის გადასახვევიდან ლურჯ ტბაბდე მანძილი არის 14 კმ, იქიდან შუა ტბამდე – 20 კილომეტრი, რომელიც ბოლომდე ნახევარზე მეტმა ვერ დაფარა“,- განაცხადა ბოლათაშვილმა.
ტურიდან დაბრუნების შემდეგ კომპანია Treveler.ge-ს წარმომადგენელ ბაკურ ბოლათაშვილს არაერთმა ტურისტმა მისწერა და მომხდარის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუმცა ახსნა- განმარტების ნაცვლად ბოლათაშვილი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა.
როგორც „კვირას“ სოფო გველესიანმა განუცხადა, ტურისტები მომხდარზე რეაგირებასა და კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებენ.
კომპანია Treveler.ge- ტურისტულ მომსახურებას საკმაოდ დაბალ ფასად უკვე 4 წელია ახორციელებს, თუმცა „კვირას“ ინფორმაციით, კომპანია საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული ამ დრომდე არ არის. როგორც „კვირას“ ამ სფეროში მოღვაწე ტურისტულმა კომპანიებმა განუცხადეს, Treveler.ge- ს მიერ დაწესებული ფასები მათ სერიოზულ ფინანსურ ზარალს აყენებს.