„მოლაშვილი იმ რამდენიმე კაცში შედიოდა, ვისაც შევარდნაძე თავის შემცვლელად განიხილავდა“ – რამ გააღიზიანა სააკაშვილი

გაზეთი “ალია“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აქამდე ცნობილი მიზეზების გარდა, სააკაშვილს მასთან დაპირისპირების სხვა საბაბიც ჰქონდა.
“ალიას“ ინფორმაციით, სულხან მოლაშვილი იმ რამდენიმე კაცში შედიოდა, ვისაც ედუარდ შევარდნაძე თავის შემცვლელად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად განიხილავდა.
„მიხეილ სააკაშვილს სულხან მოლაშვილთან დაპირისპირების სხვა მიზეზიც ჰქონდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სულხან მოლაშვილი იმ რამდენიმე კაცში შედიოდა, ვისაც ედუარდ შევარდნაძე თავის შემცვლელად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად განიხილავდა. ეს 2001 წელს ხდება. ამ დროისთვის სააკაშვილი ჯერ ისევ შევარდნაძის გუნდშია და მისი მხარდაჭერით ეშურება, რომ ქვეყნის პირველი პირი გახდეს. მართალია მაშინ ზურაბ ჟვანიას ბევრად მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე სააკაშვილს, ბევრი ფიქრობდა, რომ სააკაშვილს სწორედ ის შეცვლიდა, მაგრამ ჟვანიას აღარც შევარდნაძე სწყალობდა და აღარც დასავლეთი, რომელსაც ფსონი უკვე სააკაშვილზე ჰქონდა დადებული. გულნამცეცა სააკაშვილმა სულხან მოლაშვილს არც იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევები აპატია და არც ის, რომ სულხან მოლაშვილი, თავადაც, რომ არ იცოდა, ისე მიიჩნეოდა მის კონკურენტად.
“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, 2004 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და 4 თვეში, 22 აპრილს, მოლაშვილი დააპატიმრეს, საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის გამო სააკაშვილმა დაიჭირა, 3 მილიონი ლარის მითვისება დასდო ბრალად და ჯინაზე დადგა, სანამ ამ ფულს არ გადაიხდის, არ გამოვუშვებ ციხიდანო. სულხანმა, რაც გააჩნდა, ყველაფერი გაყიდა და 265 000 დოლარი ბიუჯეტში შეიტანა.16 ივლისს გაიმართა მეორე სასამართლო პროცესი, რომელზეც ყველა ელოდა, რომ მოლაშვილს გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მეორე ვადით შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თბილისის იმჟამინდელი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი კატეგორიული იყო და აცხადებდა, რომ მოლაშვილი მხოლოდ სამი მილიონის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებოდა. საქმეს თბილისის მთავარი პროკურატურა აწარმოებდა და გრიგალაშვილი უშუალოდ აკონტროლებდა გამოძიებას“,- წერს გაზეთი “ალია“.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, 29 ივნისს, პარიზში, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები