„ბი-ბი-სი“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევის გაუქმებაზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის გაუქმების საკითხზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს.

„ბი-ბი-სი“ წერს, რომ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, ხიდაშელმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟული საქმეა და ვისაც ეს არ სურს, არც არავინ უნდა დააძალოს.

ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს ბრძანებულება მის მიერ დადებული პირობის შესრულებას ნიშნავს, რომლის მიხედვით 2017 წლიდან საქართველოში სავალდებული სამხედრო სამსახური უქმდება. ხიდაშელის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას კრიტიკა დაატყდა თავს – როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც ის პოპულისტურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს.

„მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება ერთი პირის მიერ, არამედ კოლეგიალურად უნდა იყოს განხილული. – როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ხიდაშელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მომავალში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს „ტექნიკური მომზადება“ უნდა უძღოდეს წინ.

„ასეთი გადაწყვეტილებები პრესკონფერენციებზე არ მიიღება. მას წინ უნდა უძღოდეს უწყებებს შორის საკითხის ტექნიკური მომზადება“, – განაცხადა პრემიერმა.

თუმცა ყველა მწვავე შეფასება ხიდაშელის გადაწყვეტილებას პარლემენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მისცა. მას მიაჩნია, რომ სავალდებულო სამსახურის გაუქმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

„მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილება უფრო ვიწროპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, და პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ, მთლიანობაში, გაწვევის გაუქმებას მხარს უჭერენ. მაგრამ ხიდაშელის გადაწყვეტილება პრობლემას ვერ გადაჭრის – წვევამდელებს მაინც გაიწვევენ სხვა უწყებები.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის გაუქმება დროდადრო ჩნდებოდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების მომხრეები აცხადებდნენ, რომ წვევამდელთა უდიდესი ნაწილი შესაბამის სამხედრო მომზადებას ვერ იღებს, ვინაიდან მათ არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებში იწვევენ, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.

ხიდაშელის თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე შეიარაღებულ ძალებში გაწვევის გაუქმება ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ საკითხის გადასაჭრელად მან „სხვა ფორმა“ მოძებნა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, დღეს შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა რაოდენობა მხოლოდ 75%-ს შეადგენს და მათი პროცენტული ოდენობა მცირდება. კაპანაძე ასევე ამბობს, რომ წვევამდელების შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე პროფესიონალური სამხედროების, ხოლო მათი ეფექტურობა ბევრად დაბალია. კაპანაძეს მიაჩნია, რომ სწორედ რეზერვის სისტემა, რომლის კონცეფციის შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს, მოსახლეობასა და პროფესიულ ჯარს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს“, – წერს „ბი-ბი-სი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები