მიხეილ დუნდუა ლარის გამყარებას მაქსიმუმ 2 კვირაში ვარაუდობს

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნული ვალუტის გამყარებას მაქსიმუმ 2 კვირაში ვარაუდობს, ბოლო დღეების მანძილზე დოლართან მიმართებაში მის გაუფასურებას კი საგარეო ვალის გადახდით ხსნის. როგორც დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ლარის ცვლილებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ლარის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კურსის გაუფასურება ეს არის საგარეო ვალის გადახდის პროცესი, კერძო სექტორის მხრიდან, ასევე აჟიოტაჟი, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებიც, თუმცა სიტუაცია რომ მოკლედ ავხსნათ და ობიექტურები ვიყოთ, კერძო სექტორს მე-2 კვარტალში 850 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა გადაეხადა.

ბიზნესსექტორს აქედან 530 მილიონი დოლარი ჰქონდა. შემოსავალები მათ ლარში აქვთ, ვალის გასტუმრება კი უწევთ დოლარში. მინიმუმ 300 მილიონი დოლარი უნდა შეესყიდა იმისთვის, რომ ვალი გადაეხადათ. როდის იყო ყველაზე ხელსაყრელი დრო. ვინაიდან პროგნოზები კურსთან დაკავშირებით გამყარებისკენ მიდიოდა, ისინი დაელოდნენ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის დადგომას ლარის კურსთან დაკავშირებით, ვალუტის შესყიდვაც ყველაზე ხელსაყრელ დროს მოხდა. ეს პერიოდი მოიცავდა 2016 წლის 7 ივნისიდან 16 ივნისამდე დროს.
ბაზარზე კურსი 2.12- 2.14,5-მდე მერყეობდა. ამ დროს ათ დღეში ყველაზე ხელსაყრელი დეკადა იყო ვალუტის შესყიდვისთვის. სამასი მილიონი დოლარის ერთბაშად შესყიდვას კი, რა თქმა უნდა, შეუძლია კურსის მოკლევადიანი მერყეობა“,- განაცხადა დუნდუამ.
მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებული „აჟიოტაჟი“ , რომლის დროსაც საზოგადოება ვალუტის შესყიდვას, ქაოსიდან გამომდინარე, არასაჭიროების შემთხვევაში ახდენს, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„როცა ყიდვა-გაყიდვის კურსს შორის სხვაობა ნახევარი თეთრის დონეზეა, ამ დროს ბაზარი მშვიდია, მაგრამ როდესაც ეს მაჩვენებელი სამ თეთრამდეა გაზრიდილი, ზოგჯერ მეტიც, ეს ნიშნავს, რომ აქ აჟიოტაჟია ჩართული. მოქმედებენ აჟიოტაჟული ფაქტორები და ლარს არ აქვს ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც უნდა გააჩნდეს. ვინც აჟიოტაჟს აყვება, ის აუცილებლად წააგებს, რადგანაც ლარი აუცილებლად გაძლიერდება და დასტაბილურდება. არასაჭირო დოლარის ყიდვის გამო, ამ მოქმედების ჩამდენი პირები, ბუნებრივია, წააგებენ“, – განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები