ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ.
წამყვანმა პროდიუსერებმა საქართველოში ვიზიტი ბათუმის მონახულებით დაასრულეს. ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ. ლოკაციის მენეჯერები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორიცაა: „Transformers”, “Captain America”, “The Town”, “The Hangover”, „Sicario”, “Mission:Impossible”.
კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, 20-დან 26 ივნისის ჩათვლით, სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ათვალიერებდნენ. მათ ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი, მესტია და ანაკლია მოინახულეს. სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა, მათი შთაბეჭდილება კი საკმაოდ პოზიტიურია და საქართველოთი დაინტერესებაც დიდია.
ჰოლივუდის დელეგაციას მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მასპინძლობდა და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, შესაბამის ლოკაციებს აცნობდა.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უცხოელ კოლეგებს და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ. ასევე, მათთვის გაეცნოთ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში” ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები