ვატიკანი – რომის პაპი სომხეთში ჯვაროსნულ ლაშქრობაში არ იმყოფება
„რომის პაპი სომხეთში ჯვაროსნულ ლაშქრობაში არ იმყოფება. ის არც ომების გაჩაღებას ცდილობს და არც კედლების მშენებლობას, პირიქით – ხიდების აღდგენა სურს“, – ასე გამოეხმაურა ვატიკანი თურქეთის ვიცე-პრემიერის, ნურეთინ ჩანიქლის განცხადებას, რომელმაც რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებებს სომეხთა გენოციდის შესახებ „ჯვაროსნების მენტალიტეტის გამოვლინება უწოდა“.
ცნობისთვის, სომხეთში რომის პაპის ოფიციალური ვიზიტის დროს მან 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ ამბებს რამდენჯერმე უწოდა გენოციდი. ვატიკანი კი აცხადებს, რომ რომის პაპს თურქი ხალხის წინააღმდეგ არცერთი სიტყვა არ უთქვამს.