ხვალ ფესტივალი „არტ-გენი 2016″ გაიხსნება

ხვალ ბოლნისის კულტურის პარკში ფესტივალი „არტ-გენი 2016″-ის რეგიონული ტურნე გაიხსნება. ფესტივალის პირველ დღეს ადგილობრივი ანსამბლების და “შავფაროსნების” ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუს წარდგენის შემდეგ, „ფრანის” და „რეგიონის” კონცერტი გაიმართება.
1 ივლისს ფესტივალი „ფრანთან” ერთად შიდა ქართლში, სურამში გადაინაცვლებს. 3 ივლისს კი „არტგენი 2016″-ის რეგიონული ტურნე აჭარაში, ქობულეთის ამფითეატრში „რეგიონის” კონცერტით დაიხურება.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება. რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. 19:00-22:00 საათამდე სხვადასხვა რეგიონის მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტები გაიმართება. 22:00 საათიდან კი მაყურებელი ანსამბლ „სუხიშვილების”, „ჩვენებურების”, ჯგუფ „რეგიონის”, „გამოუვალი მდგომარეობის” „ფრანის” რობი კუხიანიძის, „აუტსაიდერის”, ნინო ქათამაძის, „ინსაითის” ნიაზ დიასამიძის და „33 ა”-ს კონცერტებზე დასწრებას შეძლებს.
ფესტივალი „არტ-გენი” 2003 წელს დაფუძნდა. 13 წლის მანძილზე “არტ-გენმა” მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. „არტ-გენის” დამსახურებით ფოლკლორულ ანსამბლებს თავის წარმოჩენის და განვითარების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, განსაკუთრებით რეგიონებში. ფესტივალმა ხელი შეუწყო ასევე ქართული რეწვის და სხვა ტრადიციული ქართული ხელობის განვითარებას. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ძალიან ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით წლების მანძილზე „არტ-გენმა” განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები